ახალი ამბები

საჯარო უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციების 60% არ შესრულდა – სახალხო დამცველი

4 ივნისი, 2020 • 1031
საჯარო უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციების 60% არ შესრულდა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, 2018 წელს აპარატის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტის მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის გაცემული დავალებების მხოლოდ 40% შესრულდა ან ნაწილობრივ შესრულდა.

სახლახო დამცველმა დღეს პარლამენტში 2018 წელს პარლამენტისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების შემაფასებელი ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა ამ რეკომენდაციების საფუძველზე სხვადასხვა სამინისტროსა თუ უწყებას დავალებები მისცა.

თუმცა ლომჯარია ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ამბობს, რომ ამ დავალებების უმეტესობა, კერძოდ კი 60%, ჯერ კიდევ შეუსრულებელია.

„2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს მისცა 310 რეკომენდაცია, მათ საფუძველზე, საქართელოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებზე გასცა 259 დავალება“, – ამბობს ლომჯარია და ამატებს, რომ პარლამენტმა გაიზიარა და, შესაბამისად, ასახა რეკომენდაციათა 78%.

რაც შეეხება იმ 60 რეკომენდაციას, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა – მათი რიცხვიდან უწყებების მიერ შესრულდა მხოლოდ 2.

„ყველაზე მეტი, 80 დავალება მიეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პარლამენტის მიერ. სამინისტროს საქმიანობის შედეგად შესრულდა 7 საპარლამენტო დავალება, ნაწილობრივ შესრულდა 13, ხოლო შეუსრულებელი აქვს 54 დავალება“, – ამბობს ლომჯარია.

მისი განმარტებით, შეუსრულებელი დავალებების დიდი ნაწილი ეხება ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებით გაცემულ დავალებებსა და შშმ პირთა და ბავშვთა უფლებრივ საკითხებს.

„მიუხედავად მთელი რიგი დავალებების შესრულებისა, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ბევრ უწყებასთან, სამწუხაროდ, დავალებების შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი. როგორც ვხედავთ, სრულად და ნაწილობრივ არის შესრულებული დაახლოებით 40% რეკომენდაციების, ხოლო შეუსრულებელია 60%.

შესაბამისად, სახალო დამცველი გამოთქვამს მზაობას, რომ მუდმივად იყოს ჩართული პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, იმიტომ, რომ ფაქტია, იმ უწყებებთან, სადაც ომბუდმსნემა გააუმჯობესა თანამშრომლობა, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მეტ პოზიტიურ შედეგს“ ,- ამბობს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა პარლამენტისთვისაც გასცა რეკომენდაციები და 39 წინადადებით მიმართა. ამ წინადადებების შესასრულებლად 2020 წლის თებერვალში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა სამუშაო პროცესი ჯერ არ დაყწებულა.

მიუხედავად ლომჯარიას ამ განცხადებისა, მთავრობაში ამბობენ, რომ რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია. დარჩენილზე კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც გაცემული იყო 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე; რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული ან ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო იმ ნაწილზე, რომელიც შესრულებული არ არის, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად“ ,- ამბობს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი