ახალი ამბები

თბილისში “ლელოს” ოფისის კარი გატეხეს – პარტიის წევრი

4 ივნისი, 2020 • 1733
თბილისში “ლელოს” ოფისის კარი გატეხეს – პარტიის წევრი

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სავარაუდოდ, „ლელოს“ ოფისში შეღწევა სცადეს.

„ვიცი, რომ ოფისის კარი არის გატეხილი, ბოქლომი არის გატეხილი და შიგნით შეღწევა მოხდა თუ არა, მაგას ვერ დაგიდასტურებთ. არ ვიცი, დავრეკე პოლიციაში, რომ ენახათ, რა ხდებოდა“, — განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმით, ბოლო დროს ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როცა უცნობი პირები, რომლებიც თავს „უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებს უწოდებდნენ, მათთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოსახლეობასთან საუბარი არ შეიძლება:

„იყო შემთხვევები გუშინაც და 1 ივნისსაც, რომ მოვიდნენ, „უსაფრთხოების სამსახურის“ თანამშრომლებად გაგვეცნენ და გვითხრეს, რომ არ შეიძლება საუბარი მოსახლეობასთან.

მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ყველაფერი არ უკავშირდება ერთამენთს, უბრალოდ დამთხვევაა და არ არის მიზანმიმართული საქციელი იმის წინააღმდეგ, რომ ლელოს პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეეშალოს.

რამდენად არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რომელიც, იმედი მაქვს, ობიექტური იქნება“, — აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 19-177 მუხლით — ანუ, ქურდობის მცდელობის ბრალდებით.


გარეკანის ფოტო: სქრინშოტი „ტვ პირველის“ სიუჟეტიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი