ახალი ამბები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მლნ ტენდერების გარეშე იხარჯება – TI

1 ივნისი, 2020 • 1144
სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 40 მლნ ტენდერების გარეშე იხარჯება – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის თანახმად, 2019 წელს განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამბობს, რომ ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული (ე.წ. პირდაპირი) შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე ორჯერ გასცეს და გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას, კონკურენციას და ზრდის კორუფციის რისკებს.

“ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უარს ამბობს კონკურენტული პროცედურების შედეგად მიღებულ პოტენციურ სარგებელზე, როგორიცაა სახსრების დაზოგვა და რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობის წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში. განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ათასი შესყიდვისთვის გამარტივებული პროცედურის გამოყენებაზე გაიცემა ერთიანი თანხმობა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, თანხმობა ყოველ შესყიდვაზე ინდივიდუალურად უნდა გაიცემოდეს. ის ფაქტი, რომ სოფლის პროგრამის შემთხვევაში ერთიანი თანხმობა მეორე წელია უპრობლემოდ გაიცემა, მიანიშნებს იმაზე, რომ მკვიდრდება ახალი, მავნე და კანონთან შეუსაბამო პრაქტიკა”, – აცხადებს TI-საქართველო.

არასამთავრობო ორგანიზაცია კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილებების პრობლემაზე მიუთითებს. კერძოდ, გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად შემსყიდველს ორი თანხმობა ესაჭიროება: მთავრობისგან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან. კანონის თანახმად, პროცედურა თითოეულ შესყიდვაზე ცალკე უნდა გაკეთდეს, თუმცა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნა ე.წ. „ერთობლივი შესყიდვის” მექანიზმი, როდესაც რამდენიმე შემსყიდველს შეუძლია ერთობლივად  განახორციელოს ერთი შესყიდვა.

მაგალითად, კვლევაში მოყვანილია, რომ უკვე მეორე წელია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, 54 მუნიციპალიტეტის სახელით, ითხოვს 80 მილიონი ლარის საერთო ღირებულების რამდენიმე ათას ინდივიდუალურ შესყიდვაზე გამარტივებული წესის გამოყენების ერთიან ნებართვას, რაზეც იღებს თანხმობას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან.

2016-2018 წლებში გამარტივებული შესყიდვის წილი სახელმწიფო შესყიდვებში 37%-დან 19%-მდე შემცირდა.  TI-ისთვის გაუგებარია, რატომ გასცემს შესყიდვების სააგენტო კანონთან შეუსაბამო ერთიან თანხმობას სოფლის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვით გახარჯვაზე.

“კონკურენტულ პროცედურებთან შედარებით, გამარტივებული შესყიდვა ყოველთვის ატარებს კორუფციის მომეტებულ რისკს, რადგან მისი გამოყენების დროს არაგამჭვირვალედ და უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა. შემსყიდველს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, კომპანია შეარჩიოს ფასისა და ხარისხის მიღმა არსებული ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც პოტენციურად უსამართლო ანდა უკანონო შეიძლება იყოს. გამარტივებული შესყიდვის დროს ასევე იზრდება ფარული გარიგებების არსებობის რისკი. მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს 40 მილიონის საერთო ღირებულების რამდენიმე ათასი კონტრაქტი სწორედ ამ გზით გაიხარჯოს, შეიძლება შეფასდეს, როგორც უკანონო, და ასევე უპასუხისმგებლო და კორუფციის წამახალისებელი”, – აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და დასძენს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტის გამარტივებული შესყიდვის წესით გახარჯვა რეგიონული ბიზნესის სრულფასოვნად წახალისების შანსის ხელიდან გაშვებას ნიშნავს.

გარდა ამისა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიუთითებს, რომ 2018 წელს სახელმწიფო შესყიდვების სისტემამ კონკურენტული ტენდერების შედეგად სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე 10.6%-იანი ეკონომია ნახა და ამ მონაცემის გათვალისწინებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მთლიანად გამარტივებული შესყიდვის წესით გახარჯვით სახელმწიფო ყოველ წელს პოტენციურად 4 მილიონი ლარის დაზოგვაზე ამბობს უარს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, მუნიციპალიტეტები ვერ ასაბუთებენ, რატომ არის გამარტივებული შესყიდვის გამოყენება აუცილებელი სოფლის პროგრამის გასახარჯად. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოსაზრებების მისაღებად მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც და განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, სააგენტო ვერ ხედავს კანონთან შეუსაბამობას და დიდწილად იზიარებს მუნიციპალიტეტების მიერ ზემოთ წარმოდგენილ ლოგიკას, რაც შემაშფოთებელია.

პასუხში სააგენტომ კიდევ ერთი არგუმენტი დაასახელა, რომელიც TI-საქართველოს შეფასებით გასათვალისწინებელია:

„მხედველობაშია მისაღები, რომ ინდივიდუალურად შესასყიდი ობიექტების მცირე მოცულობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მუდამ არის მაღალი ალბათობა, რომ ეს ტენდერები დასრულდეს უშედეგოდ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს, პროექტების განხორციელების ვადების მკვეთრ ზრდას და მათი შეფერხებით განხორციელებას.”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოუწოდებს, უარი თქვან საკუთარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 40 მილიონი ლარის ღირებულების ათასობით შესყიდვაზე გაიცა გამარტივებული წესის გამოყენების კანონთან შეუსაბამო ერთიანი ნებართვა. აუცილებელია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯოს მეტად გამჭვირვალე, კონკურენტულ და სამართლიან პირობებში.


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მართული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის პროგრამის ქვეკომპონენტი, რომლის გამოყენებითაც ცენტრალური მთავრობა ქვეყნის მასშტაბით სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს. პროგრამა მოიცავს 54 მუნიციპალიტეტს. პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფელი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იღებს 10,000-დან 20,000-მდე ლარს, დასაფინანსებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. თითოეულ დასახლებაში ინიშნება ან სოფლის კრება, ან კეთდება ამომრჩეველთა გამოკითხვა, სადაც მოსახლეობა კენჭს უყრის წინასწარ განსაზღვრულ 14- პუნქტიან საპროექტო სიას (მაგ: სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები, გზები, სკოლები, ამბულატორიები, სპორტული მოედნები, სკვერები და სხვა). საშუალოდ, ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს 5,000-მდე პროექტი ფინანსდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი