ახალი ამბები

საქართველოს მეგობრები არიან და არა “ნაცმოძრაობის” – გახარია დასავლელ პარტნიორებზე

27 მაისი, 2020 • 1089
საქართველოს მეგობრები არიან და არა “ნაცმოძრაობის” – გახარია დასავლელ პარტნიორებზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მას უფრო მჭიდრო კომუნიკაცია აქვს, ვიდრე ოპოზიციას და ეს ადამიანები საქართველოს მეგობრები არიან და არა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”.

ამის შესახებ გახარიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. სამადაშვილმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს შეახსენა, რომ აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და საერთო დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა.

“გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯიმ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს მოიხსენიებთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს. იმედია, ამ დარბაზში ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ აშშ-ის პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია”, – მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

“ქალბატონო სალომე, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ ამ ბოლო დროს ჩვენი საერთაშორისო პარნტიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არა გაქვთ და ჩვენ, მათ შორის მე პირადად, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ეს ადამიანები, პირველ რიგში, არიან საქართველოს მეგობრები და არა “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრები. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან, ვინც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავლშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმებასაც”, – განაცხადა გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი