ახალი ამბები

„მოდით, დავიწყოთ მადლობით“ — ხოშტარიას კითხვები გახარიას

27 მაისი, 2020 • 1109
„მოდით, დავიწყოთ მადლობით“ — ხოშტარიას კითხვები გახარიას

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლისას პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თავისი გამოსვლა „მადლობით დაიწყო“ და კრიზისულ სიტუაციაში გაწეული ძალისხმევისთვის ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა,:”სამწუხაროა, რომ გიორგი გახარია და სამთავრობო გუნდი ამ პერიოდში პარლამენტში არ მივიდნენ”.

„მოდით, დავიწყოთ მადლობით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ გამოვხატავ მადლობას ყველას მიმართ იმ ძალისხმევისთვის, რაც ჩაიდო ამ კრიზისულ სიტუაციაში. ამასთანავე, ბატონო გიორგი, ძალიან სამწუხაროა, რომ კრიზისის პერიოდში ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მიიღებოდა რთული გადაწყვეტილებები, თქვენ, მთავრობის წევრები არ მობრძანდებოდით პარლამენტში იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტი იყო ეპიცენტრი, მათ შორის კამათის, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეჯერების, შეიძლება კითხვებიც ნაკლები ყოფილიყო გარკვეულ ღონისძიებებზე, თუ ეს იქნებოდა ცხარე კამათის ფონზე მიღებული გადაწყვეტილებები.

რა თქმა უნდა, ამან დაასუსტა პარლამენტის როლი, ინსტიტუტის როლი. შეგვეძლო, ამ კრიზისის დროს სწორედ ეს ტესტი გაგვევლო და პირიქთ გაგვეძლიერებინა და მეტიც, კონსოლიდაციის საშუალებასაც მეტს მოგვცემდა, რაც ნამდვილად აუცილებელია კრიზისის დროს“, — განაცხადა მან.

ხოშტარიამ აგრეთვე რჩევა მისცა გახარიას, სტატისტიკაში მოინიშნოს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ვერ ხერხდება საქართველოს მთავრობის მიერ სტატისტიკის წარმოება:

„რამდენიმე კითხვა მაქვს. პირველი — ახალგორიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს მეკითხა, გზასთან დაკავშირებით რა პერსპექტივაა, ახლა სხდომის დროს დარეკეს და ეგებ ამასთან დაკავშირებით გვითხრათ. მეორე — ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდის შემთხვევების აღრიცხვის საკითხი, აბსოლოტურად მესმის, რომ ტექნიკურად ეს შეუძლებელია, მაგრამ ეგებ გაგვეკეთებინა. რჩევის სახით მინდა გითხრათ, სტატისტიკაში მინიშნება, რომ არ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ტერიტორია არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, რომ არ იყოს სურათი, თითქოს საერთოდ გამოტოვებულია ეს ორი ტერიტორია“, — განაცხადა ხოშტარიამ.

ბოლოს ხოშტარიამ 20 ივნისის შესახებ ისაუბრა და მოუწოდა გახარიას, გაეცა პასუხი კითხვაზე, თუ „ვინ დააზიანა ეს ადმაიანი [მაკო გომური] და ვინ ამოთხარა მას თვალი?“.

„მესამე — ერთი წელი გადის უკვე 20 ივნისის შემდეგ და ამ დარბაზში რამდენიმე თვის წინ დაგისვით მაკო გომურის [რომელმაც 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა] კითხვა, ვინ დააზიანა ეს ადამიანი და ვინ ამოთხარა მას თვალი? სამწუხაროდ, თქვენ მაშინ ძალიან ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებთ მაკო გომურთან ურთიერთობას, თუმცა ძალიან კარგად გვესმის, რომ აქ არ არის საუბარი თქვენს ურთიერთობაზე ვინმესთან, აქ არის საუბარი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე კონკრეტული დაზარალებული ადამიანების მიმართ, რომელთა ნაწილიც გუშინ საერთოდ არ ცნეს დაზარალებულად. ეს კითხვები ვერ გაქრება და უნდა მოვითხოვოთ პასუხები“.

გარდა ამისა, ხოშტარიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის „ისტორიული შანსია“.

„ბოლოს — მინდა მოგმართოთ 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაზე და ყველანაირი ნიშნის მოგების გარეშე, უბრალოდ მოგმართოთ, რომ ეს არის შანსი — გიორგი რურუას გამოშვება, პოლიტპატიმრების გამოშვება, ნორმალიზება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ეს არის ისტორიული შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ძალიან დიდი საერთაშორისო ფასი აქვს და ასევე საზოგადოებისთვის, დემოკრატიის გამყარებისთვის და მშვიდობისთვის ამ ქვეყანაში.

მოგმართავთ, გადავდოთ გვერდზე უსიამოვნო მომენტები, ბოლომდე შევასრულოთ ეს შეთანხმება და სამართლიან ბრძოლაში შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებში“, — აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი