რა გამოწვევების წინაშე იდგა განათლების სისტემა პირველ რესპუბლიკაში და რა რეფორმები გატარდა მათზე საპასუხოდ? – ამ თემებზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად ონლაინსემინარი გამართა.
მკვლევრებმა მიმოიხილეს როგორც დაწყებითი, ასევე უმაღლესი განათლების ასპექტები 1918-1921 წლის საქართველოში.
პირველი ქართული უნივერსიტეტი
ერთ-ერთი საკვანძო ნაბიჯი, რომელიც განათლების მიმართულებით გადაიდგა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, თუმცა მონარქიის დამხობის შემდეგ, 1918 წელს პირველი უნივერსიტეტის შექმნა იყო. როგორც გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი აღნიშნავს, უნივერსიტეტის შექმნას მის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით ხანგრძლივი დისკუსია უძღოდა წინ. კერძოდ, საუბარი იყო ორ მოდელზე: ნაციონალურსა და რეგიონულ სასწავლებელს შორის არჩევანის გაკეთებაზე:
“[ივანე] ჯავახიშვილს კარგად ესმოდა, რომ საკათედრო სკოლა (მაგალითად, როგორიც იყო გელათის აკადემია) ჯერ კიდევ არ იყო უნივერსიტეტი. ის სრულიად განსხვავებული ინსტიტუცია იყო და მას ესმოდა, რომ პირველად შემოჰქონდა ეს უძველესი ევროპული ინსტიტუტი საქართველოში”, – ამბობს გიგა ზედანია.
მისი თქმით, 1810 წელს, ბერლინის უნივერსიტეტის დაარსებამდე, უნივერსიტეტი ცოდნის გადაცემის ადგილი იყო და არა გაერთიანების. როგორც ზედანია აღნიშნავს, შუა საუკუნეებში უნივერსიტეტები არ იყო ნაციონალური და მათში სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები ერთიანდებოდნენ:
“ჯავახიშვილი როდესაც ლაპარაკობს უნივერსიტეტზე, ის გულისხმობს, ერთი მხრივ, ადგილს, სადაც ხდება ჭეშმარიტების ძიება და ეს ასევე არის ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ერის წინაშე, ნაციონალური ჩარჩოს წინაშე. ამას სრულიად ცნობიერად აკეთებს ივანე ჯავახიშვილი იმიტომ, რომ ამ დროს არსებობს უნივერსიტეტის მეორე მოდელი, რომელიც მოდის იმდროინდელი რუსეთის იმპერიის ცენტრიდან, პეტერბურგიდან და [ამ მოდელს] ემხრობიან გამორჩეული რუსი მეცნიერები და თავად ნიკო მარიც.
არსებობს ზეწოლა პეტერბურგიდან, რომ საქართველოს სჭირდება არა ნაციონალური უნივერსიტეტი, არამედ რეგიონული, კავკასიური უნივერსიტეტი. მარის იდეა იყო შემდეგი, რომ საქართველოს არ სჭირდებოდა ნაციონალური უნივერსიტეტი, არამედ ინსტიტუცია, რომელიც მთელ კავკასიას დაფარავდა. სასწავლო ენა რუსული უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, მეცნიერება, რომელიც ამ უნივერსიტეტში იარსებებდა, რუსული მეცნიერების ნაწილი იქნებოდა” ,- აღნიშნავს ზედანია.
გიგა ზედანია აკაკი შანიძის ჩანაწერებზე დაყრდნობით ამბობს, რომ რუსული უნივერსიტეტი, დაარსების შემთხვევაში, ხაზინიდან იქნებოდა დაფინანსებული, ქართული კი შემოწირულობების ხარჯზე იარსებებდა, რომელიც, საბოლოო ჯამში, დაფუძნდა კიდეც.
ცოტა ხანში მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და რესპუბლიკამ გამოუყო საბიუჯეტო დაფინანსება.
დაწყებითი და ზოგადი განათლება
პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა წინაშეც ქართული სკოლა იდგა, სოვლაბის მკვლევრის, ირაკლი ირემაძის თქმით, საკმაოდ ვრცელი იყო. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სკოლების მცირე რაოდენობა წარმოადგენდა, რამდენადაც რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება, ირემაძის თქმით, ზღუდავდა და ხელს უშლიდა ინიციატივებსაც კი:
“1917 წლის მონაცემებით, 800-ზე ოდნავ მეტი სკოლა არსებობდა საქართველოში. მთავარი პრობლემა იყო იმ მცირე რაოდენობის სკოლების გეოგრაფიულად არათანაბრად განაწილება. სკოლების საკმაო ნაწილი ქალაქებში იყო თავმოყრილი, დასავლეთ საქართველოს ორ მაზრაში. იყო მაზრები, სადაც თითო-ოროლა სკოლა არსებობდა და სასკოლო ასაკის მოსახლეობის დიდ ნაწილს მათზე ხელი არ მიუწვდებოდა” ,- ამბობს ირემაძე.
მეორე პრობლემა, რომელსაც მკვლევარი ამ მიმართულებით ასახელებს, ენის საკითხია, ვინაიდან, მისი თქმით, სკოლების დიდი ნაწილი ან რუსულენოვანი იყო, ან სამრევლო სკოლა, რომელიც მცირე სასულიერო განათლებას გასცემდა. ქართულ ენაზე მცირე რაოდენობის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებულ სკოლებში მიმდინარეობდა სწავლა”, – ამბობს ირემაძე.
გარდა ამისა, მისივე თქმით, პროგრამები და სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი. სკოლების სიმცირიდან გამომდინარე კი ქვეყანაში კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობის პრობლემაც იდგა:
“ამ პრობლემათა ჯაჭვი ქმნიდა მთლიანად რეალობას, რომ ახლად შექმნილ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მრავალმხრივ რეფორმირებაზე. 1917 წელს დროებითმა ხელისუფლებამ მცირედი ცვლილებები განახორციელა, მათ კანონით დაუშვეს, რომ ახალშექმნილ სკოლებში სწავლება იმ ენაზე განხორციელებულიყო, რაზეც იმ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა საუბრობდა. მაგალითად, ქართულ გუბერნიებში ახალი სკოლებში სწავლება ქართულად უნდა ყოფილიყო.
1918 წელს, როდესაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდა სამინისტროები, დაიწყო საუბარი, თუ რა უნდა ყოფილიყო მთავარი პრობლემა და რა უნდა გადაჭრილიყო სასწრაფოდ. პირველივე გამოცემულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო რუსეთის იმპერიისგან შემორჩენილი სისტემის მოსპობა, რომელიც მოსახლეობის სოციალურად დიფერენცირებას ახდენდა”, – ამბობს ირემაძე.
მისი თქმით, რეფორმის საწყისად აღებულ იქნა ახალი სკოლების გახსნა, ასევე, უკვე არსებული რუსულენოვანი სკოლების გაეროვნულება, ახალი სახელმძღვანელოების შექმნა და მასწავლებლების მომზადება.
როგორც ირემაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ მხრივ გადაიდგა, თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსების შექმნა იყო, რომელიც მთლიანად მიენდო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს:
“ეს იყო მცირე, 3-კვირიანი კურსები და მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, რესპუბლიკის მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო იმ მასწავლებლობის კანდიდატების ფინანსური და საცხოვრისით უზრუნველყოფა, რომლებიც რეგიონებიდან იქნებოდნენ ჩამოსულები. ეს კურსები თავდაპირველად თბილისსა და ქუთაისში შეიქმნა, შემდეგ კი, თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში”, – ამბობს ირემაძე.
მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად შექმნილიყო მინიმუმ დაწყებითი სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს წერა-კითხვას შეასწავლიდნენ და შემდეგი საფეხურისთვის მოამზადებდნენ. ირემაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი როლი ამ მიზნის მიღწევაში თვითმმართველობების რეფორმამ შეასრულა. თითოეულმა თვითმმრთველობამ 20-დან 80-მდე სკოლა შექმნა 1918-1919 წლებში.
ირაკლი ირემაძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსი სასწავლო პროგრამების შექმნაშიც იქნა გამოყენებული. ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი კი სასკოლო განათლების რეფორმაზე 1919 წელს დამტკიცდა:
“ეს იყო ძალიან საინტერესო და გამორჩეული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა კომპონენტი: როგორ უნდა მოხდეს რეფორმის დაგეგმვა, განხორციელება და მთავარი შედეგი. რეფორმა არ იყო მხოლოდ მცირეხნიანი, ის შედგებოდა ეტაპებისგან და 1923 წლისთვის უნდა უზრუნველეყო, რომ საქართველოში სასკოლო ასაკის არცერთი მოქალაქე, სულ მცირე, დაწყებითი განათლების მიღმა არ დარჩენილიყო.
ამასთან , მას უნდა შეექმნა დაწყებითი განათლების ერთიანი ჯაჭვი, რომელიც მოქალაქეს წერა-კითხვის ცოდნის შესაძლებლობას მიცემდა, შემდეგ უმაღლესი დაწყებითი გიმნაზიის ტიპის სასწავლებლები (ეს იყო 8- წლიანი სისტემა), რომელიც მოსწავლეს უმაღლესი სასწავლებლისთვის მოამზადებდა”, – ამბობს ირემაძე.
ამასთან, თუ მოსწავლეს მეოთხე კლასის შემდეგ გაუჩნდებოდა სურვილი კონკრეტული მიმართულებით გაეგრძელებინა სწავლა, საშუალო სკოლის საფუძველზე შესაძლებელი იყო სწავლის სპეციალიზებულ სკოლებში გაგრძელება. ირემაძის თქმით, განსაკუთრებით აქტიურობდა მიწათმოქმედების სამინისტრო და აგრარული მიმართულებით ამზადებდა კადრებს:
“სკოლასთან მიმართებით საინტერესო მიდგომები იყო. სახალხო განათლების სამინისტრო ცდილობდა ევროპაში პოპულარული მონტესორის მეთოდის შემოღებას სკოლებში. ამ კუთხით საინტერესო პროგრამაც განხორციელდა და მასწავლებელთა გადამზადებისთვის [მარია] მონტესორის მოსწავლეები ჩამოიყვანეს.
მასწავლებელი უნდა მომზადებულიყო არა მხოლოდ საგანში, არამედ სწავლების ახალი მოდელები უნდა დანერგილიყო საქართველოში. ეს იყო სასკოლო რეფორმის არსი, რომელიც ოკუპაციის გამო ბოლომდე ვერ განხორციელდა, მაგრამ 1921 წლის იანვარში გარკვეული სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელიც რეფორმის ორ ეტაპს აფასებდა” ,- ამბობს ირემაძე.
მისი თქმით, 1921 წლის იანვრისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლების რაოდენობა – 2034-მდე, გაორმაგდა მასწავლებელთა რიცხვი, ხოლო მოსწავლეთა რაოდენობა 125%-მდე გაიზარდა. ირემაძე აღნიშნავს, რომ რეფორმის მეორე ტალღის დასრულებისას სკოლებში 122 000-მდე მოსწავლე სწავლობდა.
ირაკლი ირემაძე Civil.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ სასკოლო განათლების პრობლემას წარმოადგენდა ღარიბ მოსწავლეთა სკოლაში ჩარიცხვა და სიარული. ხელმოკლეობის გამო ოჯახები ხშირად მიმართავდნენ განათლების სამინისტროს მოსწავლეთათვის ტანსაცმლისა და სხვა საჭირო ნივთების მიცემის თხოვნით. განათლების სამინისტრო უკიდურესად ღარიბ და ობოლ მოსწავლეებს უკმაყოფილებდა სკოლაში დასასწრებად აუცილებელ ელემენტარული მოთხოვნილებებს.
“საინტერესოა, რომ 1921 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა – „სახელმწიფო მიზნად ისახავს: პირველდაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები უფასოდ მიეცეს. ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადასდებენ ყოველწლიურად.”, – წერს ირაკლი ირემაძე.
გარდა ფორმალური განათლებისა, ირემაძის თქმით, ხელმისაწვდომი იყო არაფორმალური განათლებაც, რომლის ფარგლებშიც, ფუნქციონირებდა სახალხო უნივერსიტეტები, სადაც იმ ადამიანებს შეეძლოთ მოესმინათ ლექციები, რომლებსაც ფორმალურ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ:
“სახალხო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ პოლიტიკური ლიდერები: ნოე ჟორდანია, აკაკი ჩხენკელი და ა.შ. აქ მიდოდა მსჯელობა არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ სოფლის მეურნეობასა და თვითმმართველობის თემებზე”.
ეთნიკური უმცირესობები განათლების სისტემაში
რეფორმებს შორის, რომელიც აღნიშნულ პერიოდში განათლების სისტემაში გატარდა, მკვლევარი ანა ხვედელიანი გაეროვნების პოლიტიკას ასახელებს, რომელიც ქვეყნის ადმინისტრაციული და კულტურული დაწესებულებების გაეროვნულებაში გამოიხატა.
ხვედელიანი აღნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებების გაეროვნულებამ დღის წესრიგში ეროვნული უმცირესობების საკითხი წამოწია. მისი თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული არ ყოფილა და მათ ენიჭებოდათ კულტურული თვითგამორკვევის უფლებები ისევე, როგორც უფლებრივად გათანაბრებული იყვნენ ქართულენოვან მოსახლეობასთან:
“სწავლების ნაციონალიზაციამ და ქართული ენის დღის წესრიგში დასმამ, რომ ეროვნულ უმცირესობებს ევალებოდათ ქართული ენის შესწავლა და სკოლებში ქართულ ენაზე სწავლა, ეს საკითხი უფრო აქტუალური გახადა. ასევე მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლებლო საკითხების დასმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მთავრობის პოლიტიკა იყო ბალანსის პოლიტიკა, რომ არსებულ სხვა პოლიტიკურ პრობლემებთან მიმართებით მეტი გამწვავება არ გამოეწვია ამ საკითხებს”, – ამბობს ხვედელიანი.
მისი თქმით, ეს პერიოდი განათლების კერების სიმრავლით გამოირჩეოდა. ხვედელიანის თქმით, არსებობდა 80 სომხური, 60 რუსული და 31 აზერბაიჯანული სკოლა. ამავე პერიოდში აფხაზურ და ოსურ ენებზე პირველ დაწყებით განათლებას ჩაეყარა საფუძველი. ეროვნული უმცირესობების უფლებები კი 1921 წლის კონსტიტუციით გამყარდა.
ქართულ-გერმანული ურთიერთობები განათლების სფეროში
გარდა ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა და რეფორმებისა, ამ პერიოდში აქტიური იყო საქართველოსა და გერმანიას შორის საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობაც.
როგორც სოვლაბის დამფუძნებელი ანა მარგველაშვილი აღნიშნავს, ამ კუთხით სამი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის, საქართველოში გერმანულენოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა, გერმანიაში ქართველი სტუდენტების გაგზავნა და უნივერსიტეტის ბაზაზე გერმანელი პროფესორების მოწვევა ფაკულტეტების გასაძლიერებლად:
“გერმანული თემისათვის განათლების საკითხი ყოველთვის პრიორიტეტული იყო. 1818 წელს ჩამოსახლებისთანავე მათ საკვირაო სკოლა დააარსეს, რომელიც მოგვიანებით დაწყებით ოთხწლიან სკოლად გადაკეთდა. მათ სურდათ საქართველოში არსებულიყო უმაღლესი საფეხურის გერმანულენოვანი სკოლა, სადაც ბავშვები ისეთი ატესტატის მიღებას შეძლებდნენ, რომელიც გერმანულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვას გაუადვილებდათ” ,- ამბობს მარგველაშვილი.
მისი თქმით, საუბარი იყო გიმნაზიის ტიპის გერმანულენოვან სასწავლებელზე, სადაც უპირველეს ყოვლისა, თავად გერმანელი ბავშვები ისწავლიდნენ. მისი თქმით, ამ იდეის განხორციელება 1918 წლამდე ვერ მოხერხდა, თუმცა ის კონცეპტუალურად დამუშავდა და როდესაც საქართველოში გერმანული დელეგაცია შემოვიდა, თბილისში გერმანული გიმნაზია დაფუძნდა, რომელიც სტუდენტების მომზადების გარდა, გერმანული ენის პედაგოგებსაც ამზადებდა სხვადასხვა სკოლაში გასანაწილებლად:
“პირველ წელს თუ ეს იყვნენ საქართველოში მცხოვრები გერმანელი ბავშვები, წლების მანძილზე ის პრესტიჟულ სასწავლებლად იქცა. 1919 წლიდან პედაგოგების ხელფასს უკვე სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა. სწავლა გერმანულ ენაზე დარჩა, რადგან ეს უკავშირდებოდა იმ პროექტს, რასაც ჰქვია სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნა. სკოლამ იარსება 1924 წლამდე. სკოლის თანადაფინანსებაში ჩართული იყო საქართველოში გერმანიის წარმომადგენლობა და გერმანული ეკლესიის მრევლი”, – ამბობს მარგველაშვილი.
მისი თქმით, შორსმიმავალი ინიციატივა იყო სტუდენტების სტიპენდიებით სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნა, რომელთა დიდი წილი სწორედ გერმანიაზე მოდიოდა. მარგველაშვილის თქმით, მთავრობამ გერმანიის დელეგაციას შუამდგომლობით მიმართა და დაიწყო მზადება სტუდენტების გასაგზავნად:
“პირველ ეტაპზე გამოიყო მილიონი მანეთი, რომელიც დაახლოებით 83 სტუდენტს უნდა ჰყოფნოდა. სამინისტროებს ჰქონდათ კვოტები, რომლითაც სიების დაკომპლექტება ხდებოდა. საუბარი არ იყო მხოლოდ გაგზავნაზე, სიაში ხვდებოდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც უკვე იყვნენ გერმანიაში და სტიპენდიები ენიშნებოდათ. ნაკადების გაგზავნა ეტაპობრივად ხდებოდა. 1920 წლისთვის გერმანიაში საქართველოდან სწავლობდა 70-მდე სტუდენტი. მათ შორის როგორც სამთავრობო სტიპენდიანტი, ასევე, თვითდაფინანსებით წასული სტუდენტები”, – ამბობს მარგველაშვილი.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც გერმანიაში საქართველოს წარმომადგენლობა სესხებს გასცემდა სტუდენტებზე იმ პირობით, რომ შემდგომ მათი ოჯახები ამ თანხას საქართველოში ხაზინას დაუბრუნებდნენ. მარგველაშვილის თქმით, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პროგრამა არ შეწყვეტილა და ის ინერტულად გაგრძელდა, თუმცა შეიცვალა დამოკიდებულება და დღის წესრიგში პოლიტიკური ნიშნით დაფინანსება დადგა.
ირაკლი ირემაძე Civil.ge-ზე წერს, რომ, ჯამში, ასამდე ქართველი ახალგაზრდა გაიგზავნა დასავლეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ცოდნის მისაღებად და გასაღრმავებლად, მათ შორის ცნობილი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, შალვა ქიქოძე, ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი.
რაც შეეხება მესამე ინიციატივას, მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გერმანიის მეცნიერთა აკადემიას მიმართა თხოვნით, სხვადასხვა დარგის პროფესორები გამოეგზავნა, რაზეც იყო გამოხმაურება და სიების შედგენაც დაიწყო. მისი თქმით, გარდა ხელფასისა, უნივერსიტეტი მათ სხვა საკითხების მოგვარებაშიც ჰპირდებოდა მხარდაჭერას.
“უნივერსიტეტი მათ ჰპირდება, რომ დაეხმარება სატრანსპორტო, საბინაო და სურსათის საკითხში. ამასთან, ყველა პროფესორს სთავაზობს, რომ ჩამოსვლის შემდეგ დარგობრივ სამინისტროებში კონსულტანტებად ან ექსპერტებად იმუშაონ, რადგან სახელმწიფოს ცოდნა იქაც სჭირდებოდა.
ერთიანობაში, ეს სამი კომპონენტი ქმნის ხედვას, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა ადგილზე ჰქონოდა გერმანულენოვანი განათლების მიღების საშუალება, მეორე მხრივ, გეგმავს გრძელვადიან პროგრამას, როდესაც სტუდენტებს უშვებს სხვადსხვა ქვეყანაში (განსაკუთრებით გერმანიაში) სხვადსხვა დარგის შესასწავლად. მესამე კომპონენტი კი უკვე უნივერსიტეტის დონეზეა, რომ ისე გაძლიერდეს ადგილზე ფაკულტეტები, რომ აქ სრულფასოვანი განათლების მიღება ყოფილიყო შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი 1921 წლის შემდეგ ეტაპობრივად შეჩერდა”, – ამბობს მარგველაშვილი.