ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს წევრს “ევროპული საქართველოდან” ბრალი წაუყენეს

25 მაისი, 2020 • 1180
ზუგდიდის საკრებულოს წევრს “ევროპული საქართველოდან” ბრალი წაუყენეს

ზუგდიდში საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიას და მოქალაქე დათო ღურწკაიას ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება რამდენიმე კვირის წინ მომხდარ დაპირისპირებას ღურწკაიას და აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აპრილს, ზუგდიდის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დათო ღურწკაიამ როსტომ ზარანდიას თავის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიების ინფორმაციით, იმავე დღეს, ღურწკაიასა და ზარანდიას შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას,  ბართლომე შელიამ როსტომ ზარანდიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში დაზიანება მიიღო.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

“ევროპულ საქართველოში” ბართლომე შელიასთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.

“ბართლომე შელია არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ადგილობრივი პოლიტიკოსი ზუგდიდში და მას კარგად იცნობს თავისი რაიონი. მარტო ეს დახასიათება საკმარისია იმისათვის, რომ “ქართული ოცნება” და მისი პროკურატურა მას მოექცეს ველურად, ისევე, როგორც მათი სტილია ეს. მე მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი, ძიუდოისტი “ჩამიდეს” და ბოლოში დამაბრალეს, რომ მე ვცემე ის ძიუდოისტი. დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდება აქაც სიტუაცია”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი