ნეტგაზეთი | “პოლიტიკური თამაშების დრო არ არის” – “ოცნებისა” და მისი ლობისტების წერილები “პოლიტიკური თამაშების დრო არ არის” – “ოცნებისა” და მისი ლობისტების წერილები – Netgazeti

“პოლიტიკური თამაშების დრო არ არის” – “ოცნებისა” და მისი ლობისტების წერილები

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის წერილი საარჩევნო სისტემაზე 8 მარტის შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

წერილი 16 მაისითაა დათარიღებული და მასში ლობისტური კომპანიის წარმომადგენელი ჯერი მარკონი საუბრობს ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე 8 მარტის შეთანხმების შესრულების საქმეში. დოკუმენტს ასევე თანდართული აქვს “ქართული ოცნების” განცხადება ამ შეთანხმების შესახებ.

ჯერი მარკონი ეხება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას და აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო რეფორმის შესახებ მიღწეული შეთანხმების მხარდასაჭერად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და გამოაცხადა, რომ იწყალებდა ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს — გასამართლებულ დამნაშავეებს.”

“აშშ-ის საელჩო თბილისში მალევე მიესალმა ზურაბიშვილის განცხადებას და განაცხადა, რომ მან შექმნა „პოლიტიკური გარემო, სადაც უფრო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა შესაძლებელი“. შემდეგ კი საელჩომ მოუწოდა „ყველა მხარეს, სრულიად დაიცვან შეთანხმება“, რათა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ ჩატარდეს ისე, როგორც დადეგმილია შემოდგომაზე.

სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს [ამ მოწოდებას]. ოპოზიციური პარტიები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და სხვების თავკაცობით – უარს ამბობენ თავიანთ ვალდებულებებზე.

პრეზიდენტის ნაბიჯმა ცხადი გახადა, რომ დროა, ყველა მხარემ პატივი სცეს საკუთარ პირობას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების – მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის – მიმართ და იმოქმედონ არჩევნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად.

პოლიტიკური თამაშების დრო არ არის.

გთხოვთ, ქვევით იხილეთ განცხადება, რომელშიც ქართული ოცნება მოუწოდებს ოპოზიციას, შეაჩეროს ეს პოლიტიკური ფარსი და ბოლომდე მხარი დაუჭიროს უმნიშვნელოვანეს საარჩევნო რეფორმას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და დააჩქარებს ქვეყნის სვლას ევროკავშირისა და NATO-სკენ”, – წერია ჯერ მარკონის წერილში.

აღნიშნულ დოკუმენტს თან აქვს დართული “ქართული ოცნების” წერილი, სადაც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა არ ეწერა 8 მარტის შეთანხმებაში:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები აგრძელებენ მტკიცებას, რომ საქმეები ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ უნდა შეწყდეს, რათა 8 მარტის შეთანხმები იყოს დაცული.

პირველი — რას ამბობს ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს შორის სამართლებრივ პროცესებსა და კორუმპირებულ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ამჟამად საპყრობილეში არიან ხალხის ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის? არაფერს.

მეორე — რას ამბობს ერთიანი განცხადება? ის ამბობს, რომ ყველა მხარე თანხმდება „იმ ქმედებების რეაგირებას საჭიროებაზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საქართველოს სამართლებრივი და საარჩევნო პროცესების უადგილო პოლიტიზირებად და მომავალში ასეთი სხვა ქმედებების თავიდან აცილებაზე“.


„ქართულმა ოცნებამ“ DCI Group-თან შეთანხმება 2020 წლის 14 თებერვალს გააფორმა.

ამერიკულ ლობისტურ კომპანიას ევალება “ქართული ოცნების” რეკლამირება,  როგორც დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის სანდო და პრაგმატული პარტნიორის, რომელიც დასავლური ლიბერალური ღირებულებების და აშშ-საქართველოს განსაკუთრებული პარტნიორობის ერთგულია. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ლობისტური კომპანია ინფორმაციის მომზადების და მედიაში გავრცელების გზით დაეხმარება “ქართულ ოცნებას” დემოკრატიული ღირებულებებისადმი და აშშ-თან პარტნიორობისადმი ურყევი ერთგულების წარმოჩენას.

ხელშეკრულება ძალაშია 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე. “ქართული ოცნება” ლობისტურ კომპანიას თვეში 33 333 აშშ დოლარს გადაუხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com