ახალი ამბები

მათიკაშვილის ცოლი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

22 მაისი, 2020 • 2555
მათიკაშვილის ცოლი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ “ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის ცოლი ნინო მამულაშვილი საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშნა.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე 2017 წლის 25 მაისიდან სამი წლის გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული.

“მასთან დაკავშირებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მას მოსამართლის თანამდებობაზე განწესებაზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე.

ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. “კლანთან “,-აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, მამულაშვილის გარდა, დღეს, 22 მაისს, უცადოდ კიდევ 8 მოსამართლე განაწესა. უვადოდ დანიშნული მოსამართლეები არიან:

  • ლევან გელოვანი
  •  დიანა გოგატიშვილი 
  • ლეილა გოგიშვილი 
  •  ვერა დობორჯგინიძე 
  • თამარ კაპანაძე 
  • ნინო მამულაშვილი 
  • ლევან ნუცუბიძე
  • ციცინო როხვაძე 
  •  მამუკა წიკლაური 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი