ახალი ამბები

რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებდი — შოთა არველაძე

21 მაისი, 2020 • 1803
რუსეთის ნაკრებში არ ვიმუშავებდი — შოთა არველაძე

ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად მწვრთნელის, შოთა არველაძის თქმით, რუსეთის ნაკრებში მუშაობას ახლაც, 2010 წლის მსგავსად, არ დათანმხდებოდა. ამის შესახებ მან sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.

2010 წელს დიკ ადვოკატმა [რუსეთის ეროვნული ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა] ასისტენტად მიგიწვიათ. თქვენ უპასუხეთ: „ჯერ არ შემიძლია — ჩვენმა ქვეყნებმა ერთმანეთს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს“. ახლა წახვიდოდით? — ჰკითხეს არველაძეს.

„ახლაც არა. ჩვენი ტერიტორიები არავის დაუბრუნებია. 2008-ში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები — ბათუმში. მახსოვს, როგორი საშიში იყო. ასეთი რამის დავიწყება რთულია. კლუბში მუშაობა ერთია, ნაკრებში — საერთოდ სხვა რამეა. არ მინდა პოლიტიკასთან ავრიო ჩემი გრძნობები თქვენი კულტურისდამი და ქვეყნისადმი, მაგრამ ეს სულ გიშლის ხელს სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მსოფლიოს ჩემპიონატზე [2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც რუსეთში ჩატარდა] ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. თქვენ არ გჭირდებათ ვიზა საქართველოში [ჩამოსასვლელად], ჩვენ რუსეთში კი გვჭირდება. უნდა შემეგროვებინა უამრავი დოკუმენტი, მერბინა საელჩოებში — ამას ბევრი დრო მიაქვს. ვიცი, რომ ბილეთის ყიდვისას შეიძლება, ვიზა არ გააფორმო, მაგრამ ისე გვინდოდა ჩამოსვლა.

2002 წლიდან არ ვყოფილვარ მოსკოვში. მხოლოდ თებერვალში მოვხვდი: ვთამაშობდით ამხანაგურ თამაშს „სპარტაკთან“. ყველაფერი სუპერი იყო: მოსკოვიც და ამინდიც. საწყენია, რომ წავაგეთ. კარგი იყო დაბრუნება 18 წლის შემდეგ და დაბადების დღის აღნიშვნა“, — უპასუხა მან.


შოთა არველაძე ფეხბურთელი 1990-2008 წლებში იყო. თამაშობდა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ კლუბებში — მათ შორის ამსტერდამის „აიაქსში“, გლაზგოს „რეინჯერსსა“ და „ლევანტეში“. მონაწილეობა მიიღო 450 შეხვედრაში, გაიტანა 251 გოლი.

2008-10 წლებში იყო ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელის, ლუი ვან გალის ასისტენტი. შემდეგ დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, მუშაობდა თურქეთისა და ისრაელის კლუბებში. ამჟამად არის უზბეკური კლუბის, ტაშკენტის „პაკტაჰორის“ მთავარი მწვრთნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი