“ევროპული საქართველო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარს არ უჭერენ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტარამდე ტყის მასივის კერძო საკუთრებაში მიღება შეეძლება.
“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მორიგი აქციაა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიები ტყეს ვერ მოუვლიან და ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა გახდება საჭირო:
“არ დავუჭერთ მხარს ამ კანონპროექტს. ეს არის წინასაარჩევნოდ მორიგი მოსყიდვის აქცია. ეკლესიები ვერ მოუვლიან ტყეს და ამის მოვლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა გახდება საჭირო. მიწების, ტყეების, ზღვის სანაპირო ზოლის, უძრავი ქონების ასე უკონტროლოდ და გულუხვად გადაცემა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არის დაუავებელი. ეს ხალხის ფული და ქონებაა და არა რომელიმე ჩინოვნიკის”, – ამბობს გოცირიძე “ნეტგაზეთთან”.
წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ კანონპროექტს “ევროპულ საქართველოშიც”. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით “შავრაზმული” განწყობების მქონე ჯგუფების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, რომლებსაც შემდგომ ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილის თესვაში გამოიყენებს.
“ამ ტიპის ნაბიჯები წინასაარჩევნოდ და ზოგადად არასწორია. არასწორი იყო გუშინაც, იმ პოლიტიკური გუნდის მმართველობისას, როცა მე გახლდით ხელისუფლებაში, ოღონდ ვითარება კი არ გაუმჯობესდა ამ კუთხით, რომ ამ ტიპის ცდუნებას ხელისუფლებები აღარ აყოლოდნენ – გაუარესდა. იმიტომ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება ცდილობს ყველაზე უფრო შვრაზმული განწყობილებების გამოყენებას ოპონენტების წინააღმდეგ და სიძულვილის თესვაში მათ გამოყენებას. შემდეგ კი მათი მხარდაჭერის მოპოვებას ამ ტიპის ნაბიჯებით. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი ჩვენი ქვეყნის და ყველა კონფესიის მომავლისთვის, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის”, – ამბობს ბოკერია.
კანონპრექტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა დღეს, 20 მაისს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საუბარია “ტყის კოდექსში” შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:
ყველა ეკლესიას თავის გარშემო 20 ჰა-მდე ტყის ფლობა შეეძლება – კანონპროექტი