ახალი ამბები

დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ინვესტორები ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ – დეგნანი

20 მაისი, 2020 • 1787
დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ინვესტორები ფულს სხვა ქვეყანაში ჩადებენ – დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში აუცილებელი როლი დამოუკიდებელ სასამართლოს აქვს.

“იმისათვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა. როდესაც ინვესტორი მოდის ქვეყანაში, მას უნდა ჰქონდეს იმისი რწმენა, რომ სასამართლო სისტემა არის სანდო, მისი დავა დროულად და სამართლიანად გადაწყდება. ამის გარეშე ინვესტორი თავის ფულს სხვაგან წაიღებს. სწორედ ამიტომ, აშშ წლების მანძილზე მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას, რომლის შიგნითაც ძალიან ბევრი პროფესიონალია. სანდო, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტია, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს”, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება საქართველოში სასამართლოს სისტემის რეფორმირების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება.

“საქართველოში არიან ძალიან ბევრი თავისი პროფესიის ერთგული სამართლის სპეციალისტები:  მოსამართლეები, პროკურორები და სხვა იურისტები, რომელთა სურვილია, აწარმოონ თავიანთი საქმიანობა პოლიტიკური ჩარევის გარეშე. აშშ-მა მხარი დაუჭირა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნისკენ.

ამ მიმართულებით შემდგომი პროგრესი  ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ისევე, როგორც საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის. ინვესტორები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი კონტრაქტები შესრულდება, ექნებათ შესაძლებლობა, რომ დავები გადაიჭრას დროულად და სამართლიანად და თანასწორობის პრინციპის დაცვით. სხვა შემთხვევაში ისინი აირჩევენ სხვა ადგილს ინვესტიციების განსახორციელებლად”, – განაცხადა დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი