ახალი ამბები

გლდანში ველობილიკები და ავტობუსის ზოლები მოეწყობა

20 მაისი, 2020 • 1174
გლდანში ველობილიკები და ავტობუსის ზოლები მოეწყობა

გლდანში, სადაც მთავარ ქუჩებზე უკვე ერთი წელია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცალკე ზოლს გამოყოფენ. გარდა ამისა, მოეწყობა ველობილიკები.

ხიზანიშვილის ქუჩაზე, რომელიც მეტრსოადგურ “ახმეტელის თეატრს” მიკრორაიონებთან აკავშირებს, უკვე დაწყებულია ასფალტის ზედა ფენის დაგება. გარდა ამისა, დამონტაჟებულია გარე განათების ახალი ბოძები და დაკიდებულია საგზაო ნიშები, რომელიც მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სხვა ავტომობილების საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური საავტობუსე ზოლები, გაფართოვდა ტროტუარები, რომ მოქალაქეებმა ფეხით გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ. ასევე, მოეწყობა ველობილიკები, განათების ბოძები დამონტაჟდება. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციები აქაც მთლიანად შეიცვალა, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 20 მაისს.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს; მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ მოექცა; სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „ენ სი სი“.

აღნიშნული სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მას შემდეგ დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო, რასაც შემსრულებელი კომპანია სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა. ისინი მერიამაც არაერთხელ გააფრთხილა სამუშაოების დროულად არშესრულების გამო.

მთავარ ფოტოზე: ველოსიპედის ახლად დამონტაჟებული პარკინგი გლდანის მე-5 მიკრო-რაიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი