ახალი ამბები

რურუასადმი ბრალდება სიცრუეს ჰგავს – ფოტიგა

19 მაისი, 2020 •
რურუასადმი ბრალდება სიცრუეს ჰგავს – ფოტიგა

ევროპარლამენტის წევრი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფიდან, ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას მიმართ წაყენებული ბრალდება რეალობას არ შეესაბამება.

“მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე. ამავდროულად, მინდა ვახსენო გიორგი რურუას სახელიც, დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიამფლობელი. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემი მუშაობის გამოცდილებით, ვხედავ, რომ ეს ბრალდება მის წინააღმდეგ უბრალოდ ტყუილს ჰგავს და მასზე უარი უნდა ითქვას”, – განაცხადა ფოტიგამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ანა ფოტიგამ მოუწოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ფინანსური, ტექნიკური და პოლიტიკური მიმართულებებით, ისევე როგორც COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.

“მინდა ასევე ვახსენო ანაკლიის მიტოვებული პროექტი. პოსტკოვიდ კრიზისის შემდგომ პერიოდში შესაძლოა ქვეყნისთვის გამოსავალი იყოს სატრანსპორტო და ვაჭრობის მიმართულებით მხარდაჭერა”, – განაცხადა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარი ასევე შეეხო ყოველდღიურ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და თქვა, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულებული არ არის და საქართველო ისევ ოკუპაციის ქვეშ რჩება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი