ახალი ამბები

სიტუაცია სასამართლოში შემაშფოთებელია – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

19 მაისი, 2020 •
სიტუაცია სასამართლოში შემაშფოთებელია – ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის პროექტს განიხილავს. მომხსენებელია ევროპარლამენტის წევრი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან სვენ მიქსერი.

ანგარიშის პროექტის განმარტებით განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტუაცია სასამართლო სისტემაში ისევ შემაშფოთებელია, თუ გავითვალისწინებთ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებში არსებულ ხარვეზებსა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ წარმოებულ საქმეებს, რაც ეჭვებს აჩენს მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობის შესახებ.

როგორც ტექსტშია ნათქვამი, უნდა გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ასევე წუხილს გამოთქვამენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლოდროინდელი შერჩევა სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

ანგარიშის პროექტი, მიუთითებს რა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, რომელიც პატივს სცემს ევროკავშირის ფასეულობებს, შეუძლია განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრებაზე, მიესალმება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას და მხარს უჭერს საქართველოს არჩეულ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას; აღიარებს საქართველოს პროგრესს, რომელმაც რეგიონში ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცია. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას.

ანგარიშის პროექტში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ევროპარლამენტი მიმართავს ევროკომისიას და საგარეო ქმედებათა სამსახურს, გააძლიერონ ძალიხსმევა კონფლიქტის მშვიდობიანად გადასაწყვეტად.

ანგარიშის პროექტი მოუწოდებს ყველა მხარეს, რაც შეუძლება მალე და სრულად უზრუნველყონ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია.

ამავე ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას სასამართლოში ბოლოდროინდელ საქმეებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე გამოიწვია პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია. მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტებს, გათვალისწინებულს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ხაზს უსვამს ანტაგონიზმისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობას, ამიტომ მწუხარებას გამოთქვამს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტი საბოოლოო განცხადებაშე შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი