თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ყველას სურვილია, გიორგი რურუა პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდეს, თუმცა “ხელისუფლებასაც უნდა გავუგოთ”. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ რურუა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გათავისუფლდება.
“ეჭვი არ მეპარება, ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც დასრულდა ჩემი და გიგი უგულავას გამოშვება. ასე რომ, დღეს იქნება, ხვალ თუ ერთ კვირაში, დავანებოთ ამას თავი”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პერსპექტივაზე ხელისუფულების შეცვლის შემთხვევაში.
“ბიძინა ივანიშვილისთვის მინდა მხოლოდ კარგი. მას აქვს სამი არჩევანი: კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. მე მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ. კარგია ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა; ცუდია პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება; ძალიან ცუდია იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რას აირჩევს. ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება”, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა