ახალი ამბები

გაერო საქართველოს 1 მლნ დოლარს გამოუყოფს

18 მაისი, 2020 • 1278
გაერო საქართველოს 1 მლნ დოლარს  გამოუყოფს

გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინფორმაციით,  საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად ისარგებლებენ გაეროს სატრასტო ფონდის დაფინანსებით, რომელიც  კორონავირუსზე რეაგირებისა და აღდგენისთვის შეიქმნა.

სატრასტო ფონდი არის უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.

“ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე COVID-19-ის  პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში. ჩვენი რეაგირება მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზის მუშაკთა მოკლევადიანი, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი და
მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულთა გრძელვადიანი საჭიროებების მოგვარებისკენ”, – განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა.

მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების, ასევე, მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი შიდამეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.

გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე, კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი