ახალი ამბები

კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების წინსვლას – საელჩოები შეწყალებაზე

16 მაისი, 2020 •
კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების წინსვლას – საელჩოები შეწყალებაზე

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ  მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

განცხადება ფასილიტატორების სახელით 16 მაისს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა. სწორედ ამ საელჩოში მოაწერეს ხელი 8 მარტის შეთანხმებას ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა.

“მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ფასილიტატორები კვლავ მოუწოდებენ ყველა მხარეს, “სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით”:

“მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას”.

15 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. მათ პოლტიპატიმრებად მიიჩნევს ოპოზიცია და მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში. მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ასეთი შეთანხმება არ ყოფილა და საქართველოს არ ჰყავს პოლიტპატიმრები. 8 მარტის შეთანხმების იმ პუნქტის შეუსრულებლობის გამო, რომელიც მართლმსაჯულების პოლიტიზირებას ეხება, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტია მკაცრად გააკრიტიკეს ავროპარლამენტარებმა და აშშ-ის სენატორებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი