ნეტგაზეთი | უგულავა ამბობს, რომ დაკავებამდე ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო უგულავა ამბობს, რომ დაკავებამდე ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო – Netgazeti

უგულავა ამბობს, რომ დაკავებამდე ივანიშვილისგან გზავნილი მიიღო

„ევორპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილი პირადად დაუკავშირდა.

უგულავა 4-თვიანი პატიმრობის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 15 მაისს შეიწყალა. მან ციხე დღესვე დატოვა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის კითხვას, დაპატიმრებამდე თუ მიიღო ხელისუფლებისგან რაიმე გზავნილი, „რომ თუ არ გაჩუმდებოდით, ეს მოხდებოდა“, უგულავამ თავდაპირველად არ უპასუხა და თქვა, რომ მას წარსულზე ლაპარაკი არ სურს.

ჟურნალისტი მას კიდევ ერთხელ შეეკითხა, დაუკავშირდა თუ არა მას არჩილ თალაკვაზე, რაც უგულავამ უარყო. კითხვაზე, „ქართული ოცნების“ რომელი წევრისგან მიიღო მან მსგავსი გზავნილი, უგულავამ თქვა:

„ბუნებრივია.. ივანიშვილისგან იყო, პირადად ივანიშვილისგან და პირადად მანვე მიიღო ის პასუხი, რასაც ახლაც ვამბობ: არავითარი ვაჭრობა .. პოლიტიკაში არსებობს მოლაპარაკებები და კომპრომისები, ღიად და დახურულად, თუმცა, ვაჭრობა და „წუპაკობა“ – არ არსებობს“, – განაცხადა უგულავამ.

მან შემდგომ თქვა, რომ ამ გზავნილზე ემოციური პასუხი ჰქონდა – „ემოციური პასუხი ხომ იცით, რას ნიშნავს? გინებას“.

დღეს, 15 მარტს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამას წინ უძღოდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან “ქართული ოცნების” მიმართ მოწოდება, რომ მმართველ გუნდს შეესრულებინა 8 მარტის შეთანხმება და გაეთავისუფლებინა “პოლიტპატიმრები”.

თუმცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან და 8 მარტის შეთანხმება გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა. მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ ქვეყნის შიგნით გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ბოლო დღეების განმავლობაში მათ არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი საპატიმროებს არ დატოვებდნენ, ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” აცხადებდნენ, რომ “პოლიტიკური პატიმრების” – ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას – გათავისუფლების გარეშე ისინი მხარს არ დაუჭერდნენ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულ არჩევნებთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, რაც გულისხმობს 120 დეპუტატის პროპორციული, 30-ის კი მაჟორიტარული სისტემით არჩევას.

“ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ვინმეს ციხიდან გათავისუფლებას არ გულისხმობდა და ამას არ აპირებდნენ, რასაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. მათ ხელისუფლებას ღიად მოუწოდეს “პოლიტიკური პატიმრების” გათავისუფლებისკენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან