ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

22 მარტიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილია 188 პირი – მინისტრი

14 მაისი, 2020 • 1493
22 მარტიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილია 188 პირი – მინისტრი

“22 მარტიდან დღემდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში”, – აცხადებს შერიგების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებს, დღეის მდგომარეობით, ოფიციალური ცნობით, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაინფიცირებული პაციენტები არ იმყოფებიან.

“დღეის მონაცემებით, ხაზგასმით ვამბობ, რომ იმ მონაცემებით, რასაც თავად აქვეყნებენ, აფხაზეთში 15, ხოლო ცხინვალის რეგიონში 30 ინფიცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ცხადია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა გატარდეს, პროტოკოლი დაიცვან, რათა არ მოხდეს უმართავი და მასობრივი გავრცელება ამ ვირუსის.

ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას, უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.

სრული მზაობა და სურვილი გვაქვს, დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოს ორივე მიმართულებით. განსაკუთრებით ახალი ინფრასტრუქტურაა რუხი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის”, – აცხადებს მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი