ახალი ამბები

კორონავირუსით საფრანგეთის მოსახლეობის 4.4% დაინფიცირდა — პასტერის ინსტიტუტი

14 მაისი, 2020 • 817
კორონავირუსით საფრანგეთის მოსახლეობის 4.4% დაინფიცირდა — პასტერის ინსტიტუტი

პასტერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საფრანგეთის მოსახლეობის დაახლოებით 4.4%, ანუ 2,8 მილიონი ადამიანი დაავადდა ახალი კორონავირუსით, წერს „როიტერსი“.

პასტერის კვლევის მიერ დადგენილი ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურ ცნობებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან დაბალია ე.წ კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად.

პასტერის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ყველაზე მეტად საფრანგეთში ქვეყნის აღმოსავლეთი და პარიზის რაიონი დაზარალდა — იქ საშუალოდ ინფიცირებულია მოსახლეობის 9-დან 10-მდე პროცენტია.

პასტერის ინსტიტუტის კვლევა ასახავს მდგომარეობას 11 მაისისთვის, როცა საფრანგეთმა თითქმის ორთვიანი კარანტინის შემსუბუქება დაიწყო.

მკვლევრების თქმით, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, კოლექტიური იმუნიტეტი ვერ მიიღწევა და „შედეგად, ვაქცინის გარეშე, მხოლოდ კოლექტიური იმუნიტეტი არ იქნება საკმარისი კარანტინის შემდეგ დაავადების აფეთქების მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად. ამგვარად, კონტროლის ეფექტიანი ზომები 11 მაისის შემდეგაც უნდა იყოს“, — აცხადებენ ისინი.

პასტერის ინსტიტუტში აგრეთვე ამბობენ, რომ 17 მარტს დაწესებული კარანტინის შედეგად, კორონავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი (ანუ, რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი დაავადებული) მნიშვნელოვნად დაეცა — 2.9-დან 0.67-მდე.

„როიტერსის“ ცნობით, ესპანეთის მაგალითზე ჩატარებული კვლევაც დაახლოებით პასტერის ინსტიტუტის კვლევის შედეგებს ჰგავს — იქ მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის დაავადების შესახებ საუბრობენ, რაც აგრეთვე არაა საკმარისი „კოლექტიური იმუნიტეტისთვის“.


ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, საფრანგეთი დაავადებულთა რაოდენობით მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში.

სულ დადასტურდა ინფიცირების 178 184 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 58 786, გარდაიცვალა 27 077.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი