ახალი ამბები

გაზრდილმა მობილობამ ჯერ ვირუსის გავრცელებაზე გავლენა არ იქონია – “კურაციოს” მოსაზრება

14 მაისი, 2020 • 682
გაზრდილმა მობილობამ ჯერ ვირუსის  გავრცელებაზე გავლენა არ იქონია – “კურაციოს” მოსაზრება

“საერთაშორისო ფონდმა კურაციომ” გუგლის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ანგარიში კორონავირუსის გავრცელებასა და მოსახლეობის მობილობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აპრილის შემდეგ მოსახლეობის მობილობა, საერთო ჯამში, გაზრდილია, თუმცა ამ ეტაპისთვის ამას გავლენა არ მოუხდენია ვირუსის გავრცელების ზრდაზე.

“კურაციოს” ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის მობილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 20 აპრილისთვის დაფიქსირდა, მათ შორის- სამუშაო ადგილებზე, ღია სივრცეებსა და საცხოვრებელ სახლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას შორის ყველაზე მეტად იყო დაცული სოციალური დისტანცია. 20 აპრილის შემდეგ კი მოსახლეობის მობილობის მაჩვენებელი იზრდებოდა, თუმცა 6 მაისისთვის დაფიქსირებული მობილობა მაინც ნაკლებია იმაზე, რაც თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა.

“მაისის თვეში გამოვლენილი COVID-19 შემთხვევების რაოდენობა და ის, რომ 20 აპრილის შემდეგ გასულია სამ კვირაზე მეტი, გვაფიქრებინებს, რომ გაზრდილმა მობილობამ ჯერჯერობით არ იქონია ნეგატიური გავლენა ვირუსის გავრცელების სიჩქარესა და მასშტაბებზე”, – აღნიშნულია ანგარიშის აღწერაში.

ანგარიშის მიხედვით, თებერვლის თვესთან შედარებით მოსახლეობის მობილობა გართობის, დასვენების და ვაჭრობის ობიექტებში 64%-ით დაბალია ამ დროისთვის. სატრანზიტო ჰაბებში მობილობა შემცირებულია 54%-ით, ხოლო სამსახურებსა და ოფისებში -44%-ით.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს 6 მაისამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი