ახალი ამბები

647 შემთხვევიდან 33% მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრიწყაროზე მოდის – გამყრელიძე

13 მაისი, 2020 •
647 შემთხვევიდან 33% მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრიწყაროზე მოდის – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის დადასტურებული 647 შემთხვევების 33% ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტზე – მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრიწყაროზე მოდის.

გამყრელიძემ დღეს, 13 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების გამოვლენის ტემპმა იკლო, კორონავირუსის ინფექცია ქვეყანაში მაინც არის.

„ინფექცია ქვეყანაში არის, განსაკუთრებით იმ ზონებში.. აი, დღეს ჩვენი თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური გამოკვლევა. აქ ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში ჩვენ გვქონდა და გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევა. 33% ამ 647 მოდის ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტზე – მარნეულზე, ბოლნისსა და თეთრიწყაროზე. ყველაზე მეტი შემთხვევა კი არის ბოლნისში და სწორედ ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დღეს ჩვენი ბრიგადები აწარმოებენ ინტენსიურ გამოკვლევებს მოსახლეობისა.

ასეთივე ინტენსიური გმაოკვლევები 3-4 დღის განმავლობაში ვაწარმოეთ მარნეულში: 1688 სხვდასხვა პროფესიის ადამიანი გამოვიკვლიეთ მარნეულში და იქიდან მხოლოდ 2 შემთხვევა დადებითი გამოვლინდა, რაც პოზიტიური მოვლენაა და პოზიტიური ინდიკატორია“,  – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები 23 მარტს ჩაიკეტა.


ბოლო მონაცემები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 647
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 372
  • მათ შორის გარდაცვლილი – 11
  • კარანტინის რეჟიმში – 4461
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი