ახალი ამბები

სარფში დაკავებულ პირს კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა – პენიტენციური სამსახური

12 მაისი, 2020 • 1161
სარფში დაკავებულ პირს კარანტინში კოვიდ-19 დაუდასტურდა – პენიტენციური სამსახური

სარფში დაკავებულ და სამოქალაქო კლინიკის კარანტინში განთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 24 აპრილს შსს-ს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს ბრალდებული რ.მ., რომელიც იმავე დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში განთავსდა.

უწყების ცნობით, საპატიმროს ნაცვლად ბრალდებულის პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში განთავსება შესაბამისობაშია იმ წესებთან, რომლებიც 2020 წლის 13 მარტიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს. კერძოდ, ე.წ. მიმღებ ციხეებში (N2, N5 და N8 პენიტენციური დაწესებულებები) ახლად მიყვანილი ბრალდებულები ციხის გარეთ სპეციალურად ამისათვის მოწყობილ დროებით სამედიცინო პუნქტში გადიან შემოწმებას და საეჭვო სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაჰყავთ, ხოლო ის ბრალდებულები, რომლებიც კარანტინის რეჟიმში მყოფ მუნიციპალიტეტებში არიან დაკავებულნი ან შემოსულები არიან უცხოეთიდან, პირდაპირ სამოქალაქო კლინიკაში თავსდებიან 17-დან 21 დღემდე პერიოდით.

სწორედ ამ წესის მიხედვით მოხდა 24 აპრილს ბრალდებულ რ.მ.-ს განთავსება პირდაპირ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღეს, 12 მაისს, PCR ტესტის შედეგების მიხედვით კოვიდ-19 დაუდასტურდა. ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პენიტენციური სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში.

“ამავე საკარანტინო ზონის ბოქსირებულ პალატებში განთავსებულ სხვა ახალდაკავებულ ბრალდებულებთან რ.მ.-ს შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, ყველა ბრალდებულს, ასევე მოცემულ კლინიკაში დისლოცირებულ ესკორტის ოფიცრებს და ბრალდებულ რ.მ.-სთან კონტაქტში მყოფ სხვა პირებს, დადგენილი წესით, ტესტები ჩაუტარდებათ”, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი