2019 წლის 6 სექტემბერს თბილისში, ფონიჭალაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ეჭვმიტანილს სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, იგი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.
გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ბრალდებულმა პირმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კორპუსის ეზოში სხვა მოქალაქეს სანადირო თოფიდან გულ-მკერდის არეში ესროლა, ხოლო კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა სცადა, რომელიც მომხდარს შეესწრო, მაგრამ გაიქცა.
„მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 19.109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას), 236-ე მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა“, — აღნიშნავენ პროკურატურაში.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქალაქო სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით მიუსაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლების ჩამორთმევა.