მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის ახალ სამსახურში არ აპირებს ქართველების მიწვევასა და საქართველოდან ჩაყვანას. როგორც მთავარი არხის ეთერში ექსპრეზიდენტმა განაცხადა, ის აპირებს შემოიკრიბოს ბევრი უკრაინელი.
“მე ვაპირებ შევკრიბო ბევრი უკრაინელი, მე არ ვაპირებ არც ქართველების მოწვევას, არც ჩამოყვანას. ამასობაში ახალი თაობა გაიზარდა საინტერესო უკრაინელების, პარლამენტშიც არიან… მაგონებს ჩვენს პირველ საპარლამენტო ვადას, მათ შორის გამოჩნდნენ უცხოეთში განათლების მქონე ძალიან სიმპატიური ახალგაზრდები… მინდა, რომ მათ იგრძნონ ძალა. დღეში ჩემთან სახლში 4-7, ხანდახან 25 პარლამენტარი მოდის, ახლა კაბინეტში დაიწყეს სიარული, მირეკავენ მაქვს ურთიერთობა, მინდა მათ ირწმუნონ საკუთარი ძალა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ვიღაცამ კი არ უკარნახოს”, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.
სააკაშვილის თქმით, დრო იცვლება და 15 წლის წინ განხორციელებული რეფორმების რეცეპტები ყოველთვის არ მუშაობს, საჭიროა ახალი რეფორმების მოფიქრებაც.
“მე მხოლოდ მოთამაშე/მწვრთნელი ვარ, მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანოს, მთავარი თავდამსხმელი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტია, არიან სხვა თავდამსხმელებიც, ნახევარმცველები, მე ვარ მოთამაშე/მწვრთნელი – დაცვის პოზიციიდან გავამხნევებ და ჩემ წვლილს შევიტან. მე არ მაქვს იმის რპეტენზია, რომ ეს ქვეყანა მითუმეტეს ჩემი პოლიტიკური კარიერისთვის გამოვიყენო. ჩემი მიზანია, რომ უკრაინა იყოს ძლიერი თუ ასე იქნება, საქართველოც იქნება ძლიერი”, – აცხადებს სააკაშვილი.