ახალი ამბები

Daily Mail: ბრიტანული ლაბორატორია რუსეთთან დაკავშირებულმა ჯგუფმა საქართველოდან დაჰაკა

10 მაისი, 2020 • 1465
Daily Mail: ბრიტანული ლაბორატორია რუსეთთან დაკავშირებულმა ჯგუფმა საქართველოდან დაჰაკა

ბრიტანული ტაბლოიდის, დეილი მეილის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე ბაზირებულმა, რუსეთის უშიშროებასთან დაკავშირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა ბრიტანული ლაბორატორიიდან პაციენტების პირადი ინფორმაცია მოიპარა.

დეილი მეილის ინფორმაციით, ბოლო დროს რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფები შეტევებს ახორციელებენ იმ ბრიტანულ ინსტიტუციებზე, რომლებიც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში არიან ჩართული, მათ შორის უნივერსიტეტებსა და ლაბორიატორიებზე.

გამოცემის ცნობით, დასავლეთ ლონდონში მდებარე დაწესებულებაში, რომელიც წამლებსა და ვაქცინებზე მუშაობს, მიმდინარე წლის მარტში კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰამერსმიტის სამედიცინო ცენტრმა დაადასტურა, რომ მოპარულია პაციენტებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები. ერთ-ერთმა ჰაკერულმა ჯგუფმა მომხდარზე აიღო პასუხისმგებლობა და ჩანაწერების ნაწილი გამოაქვეყნა.

დეილი მეილის მტკიცებით, მათთავის ცნობილი გახდა, რომ გამოძიების მიხედვით, ჰაკერების ჯგუფი საქართველოშია ბაზირებული და მათ კავშირი აქვთ კრემლსა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან.

“ერთი წყაროს თანახმად, ჰაკერებმა (ლაბორატორიას) მოპარული მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი მოსთხოვეს, ხოლო თუ ამ დაწესებულებაში მომუშავე მეცნიერებს Covid-19-ის სამკურნალო საშუალების შექმნა გამოუვათ, ფასდაკლებას გაუკეთებენ”, – წერს დეილი მეილი.

სამედიცინო ინსტიტიტმა, რომელზე კიბერთავდასხმაზეც დეილი მეილი საუბრობს, კომენტარზე უარი თქვა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა. დეილი მეილის მიერ გავრცელებულ ცნობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ საქართველოში, ბრიტანეთის საელჩოში, სადაც ამბობენ, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ზოგადად კარგი თანამშრომლობა არსებობს, რასაც გასულ წელს საქართველოში მომხდარი კიბერთავდასხმის გამოძიების პროცესიც მოწმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი