ახალი ამბები

ბუნდესლიგა მაისში განახლდება

6 მაისი, 2020 • 1495
ბუნდესლიგა მაისში განახლდება

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატს — ბუნდესლიგას შეუძლია უკვე მაისში განაგრძოს თამაშების ჩატარება, აცხადებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბუნდესლიგა იქნება ევროპის ტოპ-ჩემპიონატებიდან პირველი, რომელიც თამაშებს განაახლებს. ზუსტ თარიღს გერმანიის საფეხბურთო ლიგა ხუთშაბათს გამოაცხადებს.

თუმცა ყველა თამაში მაყურებლების გარეშე ჩატარდება. საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელი დირექტორის, კრისტიან საიფერტის განცხადებით, „თამაშების ჩატარება მაყურებლის გარეშე იდეალური გადაწყვეტილება არავისთვისაა. თუმცა კრიზისის დროს, რომელიც ზოგი კლუბის არსებობას ემუქრება, ეს ერთადერთი გზაა, ლიგები არსებული ფორმით შევინარჩუნოთ“.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც 1724 ტესტიდან, რომლებიც კლუბების თანამშრომლებს აუღეს, კორონავირუსზე პოზიტიური მხოლოდ 10 იყო.

გერმანიისგან განსხვავებით, ჩემპიონატები დასრულებულად გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა. ნიდერლანდებში ჩემპიონატი უბრალოდ ანულირებულად გამოაცხადეს (თუმცა შესაბამის პოზიციებზე მყოფი კლუბები მაინც ითამაშებენ ევროთასებზე), საფრანგეთში კი უკვე ნათამაშები შეხვედრების მიხედვით მოხდა ყველაფრის გადანაწილება.

ბუნდესლიგაში ამჟამად პირველ ადგილზეა მიუნხენის „ბაიერნი“ 55 ქულით. მეორე ადგილს დორტმუნდის „ბორუსია“ იკავებს, 51 ქულით, მესამეზე კი „რედ ბულ ლაიფციგია“, რომლის აქტივშიც 50 ქულაა.

გარეკანის ფოტო: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი