ახალი ამბები

ჟურნალისტი: სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად დღეს დაინიშნება

6 მაისი, 2020 • 2083
ჟურნალისტი: სააკაშვილი რეფორმების საბჭოს მდივნად დღეს დაინიშნება

უკრაინელი ჟურნალისტისა და გამოცემა „ცენზორ.ნეტის“ მთავარი რედაქტორის, იური ბუტუსოვის ცნობით, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშნავს.

„6 მაისს ველით პრეზიდენტის ბრძანებას მიხეილ სააკაშვილის რეფორმების ეროვნული საბჭოს მდივნად დანიშვნის შესახებ. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტია. ამასთან ერთად, პრეზიდენტი გაზრდის სააკაშვილის უფლებამოსილებას — იგი მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის სხდომებში.

საინტერესოა, რომ ზელენსკიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება მიუხედავად პრორუსული საშუალებების მიერ უკრაინაში განხორციელებული ძლიერი შეტევისა და რუსული პროპაგანდის მთელი ძალისხმევისა. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია — თანამდებობაზე, თუნდაც სიმბოლურზე, პუტინის პირადი მტრის დანიშვნა. დიპლომატიური თვალსაზრისით კი, ეს მიმანიშნებელი სვლაა. ამასთან ერთად, ზელენსკიმ აღიარა, რომ საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინა არ აღიარებს. საქართველოს ხელმძღვანელობის დემარში ზელენსკიმ უყურადღებოდ დატოვა”, –  წერს ბუტოსოვი.

ბუტოსოვი ის ჟურნალისტია, რომელმაც პირვემა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ვიცე-პრემიერად არ დანიშნავდნენ.


22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

მოგვიანებით, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის კანდიდატურა რადადან გაიხმეს, მაგრამ დეპუტატის ცნობით, კანდიდატურა შეტანილი არც კი ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი