ახალი ამბები

თბილისში რეგისტრირებული ტაქსისტები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – კალაძე

6 მაისი, 2020 • 2387
თბილისში რეგისტრირებული ტაქსისტები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, „თბილისის ტაქსის“ მფლობელები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. კალაძის თქმით, კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ ტაქსის მძღოლებიც აზარალა:

„თბილისის ტაქსის“ მფლობელებს ის სამთავრობო ანტიკრიზისული შეღავათი შეეხება, რომელიც ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. ეს პროექტი ყველა ლიცენზირებული ტაქსის მძღოლს შეეხება. ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული, მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. ამის შესახებ მათ დეტალურად მიეწოდებათ ინფორმაცია.”

ლიცენზირებული ტაქსის მძღოლებისთვის დახმარების საკითხზე თბილისის მერმა 27 აპრილსაც განაცხადა. როგორც კალაძე ამბობდა, ტაქსის მძღოლები, თვითდასაქმებულთა მსგავსად, მთავრობისგან ერთჯერად დახმარებას მიიღებდნენ.

„დახმარებებთან დაკავშირბეით მინდა ვთქვა, განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ – A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განამვლობაში”, – აცხადებდა კალაძე.

თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია, მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი