ახალი ამბები

კალაძე: ყოფილი კორტების ტერიტორია დავიბრუნეთ და საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს

6 მაისი, 2020 • 1332
კალაძე: ყოფილი კორტების ტერიტორია დავიბრუნეთ და საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, იპოდრომის მახლობლად კორტების ტერიტორია, რომელიც გასხვისებული იყო და საცხოვრებელი ფართების მშენებლობა იგეგმებოდა, მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა და საპრივატიზაციოდ გამოაქვთ. კალაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გავა სპორტული კომპლექსის აღდგენის პირობით:

“საუბარია იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ყოფილი კორტების ტერიტორიაზე. თქვენ იცით ამ კორტების ისტორია, წინა ხელისუფლების დროს ის გასხვისებული იყო, რომ აშენებულიყო საცხოვრებელი ფართები. გვქონდა ხანგრლივი მოლაპარაკება ინვესტორთან და გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა.

დღეს ის არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი. აღნიშნული ქონება გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ტერიტორიაზე უნდა აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი. შეფასებულია სამხარაულის მიერ და წარდგნილი იქნება ბიზნესსექტორისთვის”, – ამბობს კალაძე.

დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიებაც დაავალა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მუნიციპალიტეტმა და ცენტრალურმა სახელმწიფომ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

“ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არც თბილისია გამონაკლისი. სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა.

თავის მხრივ, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნესსექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდა კერძო სექტორი. მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნესსექტორს და იმ კომპანიებს, ვინც ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული. მინდა იცოდნენ, რომ ამ რთულ მდგომარეობაში ისინი მარტო არ დარჩებიან. ჩვენგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, დამატებითი საპრივატიზაციო აქტივების მოძიება, ერთი მხრივ, მუნიციპალიტეტს შემოსავალს მოუტანს, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორში ეკონომიკურ აქტივობებს გაზრდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი