ახალი ამბები

რუსეთში 9 მაისის პლაკატზე შეცდომით გამოსახეს ფინელი ჯარისკაცი

5 მაისი, 2020 • 1556
რუსეთში 9 მაისის პლაკატზე შეცდომით გამოსახეს ფინელი ჯარისკაცი

რუსეთის ქალაქ უსინსკში 9 მაისისთვის განკუთვნილ პლაკატზე შეცდომით გამოსახეს ფინელი ჯარისკაცი ირემთან ერთად. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

პლაკატზე, რომელიც უნდა გამოეფინათ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ასევე იყო წარწერა: „სამამულო ომში ადამიანები და ირმები იბრძოდნენ“.

მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ ეს წარწერა ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მეორე მსოფლიო ომში ადამიანები და ირმები ერთმანეთის წინააღდეგ იბრძოდნენ. გარდა ამისა, პრობლემა ის იყო, რომ ფოტოზე ასახული პირი ფინელი ჯარისკაცია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთი თავდაპირველად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა იმისთვის, რომ სსრკ-ის მიერ მანამდე წართმეული მიწები უკან დაებრუნებინა. ქვეყანამ გერმანიას ომი 1945 წლის 5 მარტს გამოუცხადა.

საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის ე.წ. ზამთრის ომი 1939 წელს დაიწყო და 1940 წელს დასრულდა. საბჭოთა კავშირმა ეს ომი იმიტომ წამოიწყო, რომ აღმოსავლეთ ევროპაში იოსებ სტალინს მეტი ზეგავლენა ჰქონოდა.

ისტორიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფინეთს „ორ ცუდს შორის მოუწია არჩევანის გაკეთება“ და ქვეყნისთვის სტალინის მიერ დაპყრობის პერსპექტივა გაცილებით უარესი შედეგების მომტანი იყო, ვიდრე ჰიტლერთან კავშირი.

როგორც შემდგომ აღმოჩნდა, პლაკატზე ასახული სამხედროს ფოტო Warrior of Lapland-ს ფოტოალბომში იპოვეს. კადრი ფინეთში 1944 წლის 4 მაისსაა გადაღებული

უსინსკში პლაკატი  ჩამოხსნეს, ქალაქის მერმა კი განაცხადა, რომ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი