კაიროს ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა 22 წლის რეჟისორი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტისადმი კრიტიკული მუსიკალური კლიპის მომზადებისათვის 2018 წელს დააკავეს. შადი ჰაბაშის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
რეჟისორი 22 წლის ასაკში, 2018 წლის მარტში დააკავეს მას შემდეგ, რაც ამჟამად დევნილობაში მყოფი მომღერლის, რამი ისამის მუსიკალური კლიპის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ის პრეზიდენტ აბდ ალ-ფათაჰ ალ-სისის დასცინის და აკრიტიკებს. New York Times-ს თანახმად, მას შემდეგ, რაც კლიპი სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა და პოპულარული გახდა, რეჟისორი დააკავეს. მასთან ერთად მოხვდნენ ციხეში სიმღერის ტექსტის ავტორი და პირი, რომელიც მომღერლის ფეისბუქ გვერდს მართავდა.
სიმღერის სახელწოდება – “ბალაჰა” – დამამცირებელი ტერმინია, რომელსაც ეგვიპტეში პრეზიდენტ სისის მიმართ იყენებენ. მეტსახელი უკავშირდება ეგვიპტური კლასიკური ფილმის პერსონაჟს, რომელიც ტყუილებით გამოირჩევა.
ჰაბაში “ტერორისტული დაჯგუფების” წევრობის, ასევე ყალბი ინფორმაციის გავრცელების, ცილისწამების, რელიგიის შელახვისა და ჯარის შეურაცხყოფის ბრალდებით იყო დაკავებული. აღნიშნული მუხლებით ქვეყანაში ხშირად აკავებენ აქტივისტებს, პრეზიდენტისა და მთავრობის კრიტიკოსებს.
რეჟისორის საქმეზე სასამართლოს განაჩენი არ ჰქონდა გამოტანილი. 2 წელი მან წინასწარ პატიმრობაში გაატარა ციხეში, რომელიც განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშაა.
“ციხე არ კლავს, მარტოობა კლავს.”, – წერდა ის გასული წლის ოქტომბერში ციხიდან გამოგზავნილ წერილში, New York Times-ის თანახმად. ის წერდა, რომ ძალისხმევაა საჭირო, “შეაჩერო გაგიჟების ან ნელი სიკვდილის პროცესი, მაშინ, როცა ერთ ოთახში შეგაგდეს 2 წლის წინ და [ადამიანებს] დაავიწყდი”.
მომღერალი რამი ისამი რეჟისორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას სიმღერის გზავნილებთან კავშირი არ ჰქონია. ის რეჟისორს დადებითად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ ჰაბაში “არასდროს არავის ავნებდა”.
ეგვიპტის ამჟამინდელი პრეზიდენტის ძალაუფლება მის წინამორბედებზე მეტად ფართოა, შემწყნარებლობა მისი კრიტიკოსების მიმართ კი – მცირე.
2015 წელს პოლიციამ 22 წლის მოქალაქე დააკავა და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული ილუსტრაციისთვის, რომელშიც პრეზიდენტი მიკი მაუსის ფორმით იყო წარმოდგენილი. 2016 წელს დააკავეს კომიკოსი, რომელმაც პოლიცია გააშარჟა კაიროს ცენტრალურ მოედანზე. საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა – მწერლებმა, მსახიობებმა, სპორტსმენებმა და სხვებმა – ქვეყანა რისკების თავიდან ასაცილებლად დატოვა.
თავად რამი ისამმა, რომლის სიმღერაც რეჟისორის დაკავების საფუძველი გახდა, პოპულარობა მოიპოვა 2011 წელს, ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, რამაც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 30-წლიანი მმართველობა დაასრულა. ამჟამინდელი პრეზიდენტი სისი მუბარაქის დროს სამხედრო გენერალი იყო. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2014 წელს, ისამმა ეგვიპტე დატოვა და ამჟამად შვედეთში ცხოვრობს.
გასულ თვეში სისიმ 4 000 პატიმარი შეიწყალა, რაც ტრადიციას წარმოადგენს სინას ნახევარკუნძულის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით, რა დროსაც ამ ტერიტორიიდან ისრაელის სამხედრო ნაწილების გასვლას აღნიშნავენ. შეწყალება პოლიტიკურ პატიმრებს არ შეჰხებიათ.
ჰაბაშის გარდაცვალების მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა მომხდარმა კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები ეგვიპტის გადატვირთულ ციხეებში არსებულ პირობებთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის მარტში კაიროს ცენტრში რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა ციხეებიდან პატიმრების დროებით გათავისუფლების მოთხოვნით, Covid-19-ის პირობებში ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად. პოლიციამ ყველა მათგანი დააკავა და მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლა.