ახალი ამბები

იაპონურ, გერმანულ და სხვა კომპანიებს საქართველოში მომარაგების ჯაჭვის ნაწილის გადმოტანა უნდათ — თურნავა

1 მაისი, 2020 •
იაპონურ, გერმანულ და სხვა კომპანიებს საქართველოში მომარაგების ჯაჭვის ნაწილის გადმოტანა უნდათ — თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „იაპონურ, სამხრეთკორეულ და გერმანულ კომპანიებს უნდათ, თავიანთი მომარაგების ჯაჭვის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ“. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

გარდა ამისა, თურნავას თქმით, „ჩინეთი+1, +2, +3“ კომბინაციის პირობებში „საქართველო ჩინეთი+1-ში იქნება“.

კომპანიები ფიქრობენ, რომ მომავალში საფრთხე რომ არ გაუჩნდეთ, უნდა გააკეთონ დივერსიფიკაცია და არა მარტო ჩინეთით, არამედ ჩინეთი +1, +2, +3 კომბინაციით. ანუ, 1, 2, 3 ალტერნატიული პლატფორმა გამოიყენონ და ჩვენ ვიქნებით ჩინეთი +1. +1 უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის სწრაფად დავძლიოთ გამოწვევები და გავხსნათ ბაზარი ახალი ინვესტიციებისთვის და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არ მინდა ჯერ ნაადრევად გავაჟღერო, იმიტომ, რომ ეს მოლაპარაკებებია ჯერ კიდევ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ კომპანიები, იაპონური, სახმრეთკორეული, გერმანული, უკვე გამოთქვავენ სურვილს, რომ თავისი მიწოდების ჯაჭვის რაღაც ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში, რადგანაც ჩვენ ვთავაზობთ მიმზიდველ, დემოკრატიულ ბიზნესგარემოს, სტაბილურ ეკონომიკას, გამჭვირვალე კანონმდებლობას, დაბალ გადასახადებს და განახლებულ პროგრამებს, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში იქნება ჩვენი მხრიდან წარდგენილი და ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რითი წავახალისოთ ეს პროცესი. ყველაფერთან ერთად დამატებით ბერკეტებსაც შევთავაზებთ ასეთ ბიზნესებს, რომ ვაჩვენოთ თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ნება, რამდენად გახსნილები ვართ, ჩვენ რომ ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ მათთვის”.

გარდა ამისა, თურნავას განცხადებით, საქართველოში ენერგეტიკის ბაზარზე იაპონური კომპანია „ტეპკო“ (TEPCO) შემოვიდა:

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკა პრაქტიკულად შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს და ინვესტორს, რომ ამ ვითარებაშიც კი მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია ტეპკო შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის ყველაზე დიდი პირდაპირი იაპონური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი