ახალი ამბები

ტურისტული ინდუსტრიისთვის ვამზადებთ სპეციფიკურ გეგმას — თურნავა

1 მაისი, 2020 • 1562
ტურისტული ინდუსტრიისთვის ვამზადებთ სპეციფიკურ გეგმას — თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ტურისტული ინდუსტრიის დასახმარებლად სპეციფიკურ გეგმას ამზადებს. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით, გეგმა ამჟამად შემუშავების პროცესშია.

„ტურიზმის სექტორი არის ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელსაც დღეს სჭირდება შველა და გვერდში დგომა. რომელიც დღემდე იყო ძალიან დიდი სიკეთის შემომტანი ჩვენს ეკონომიკაში და ძალიან დიდი დამსაქმებელი. ედგა გვერდში მთელ საქართველოს და ახლა ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. თუკი სხვა ბიზნესები უფრო მალე ამოიქოქება, ტურიზმში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ქვეყანა ერთად ვერ დაძლევს პანდემიას და შენარჩუნდება შეზღუდვები, განსხვავებული სირთულეები არსებობს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმისთვის ჩვენ ვამზადებთ სპეციფიკურ, განსხვავებულ ანტიკრიზისულ გეგმას“, — განაცხადა მან.

თურნავას თქმით, მთავრობას კომუნიკაცია აქვს ტურისტულ ინდუსტრიასთან, რომელშიც შედიან სასტუმროები, გიდები, სატრანსპორტო კომპანიები და ტუროპერატორები.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიასთან და ეს არ არის მხოლოდ სასტუმროები, ეს არის ძალიან დიდი სექტორი გიდების, რომლებსაც ძალიან გაუჭირდათ დღეს, რადგანაც პრაქტიკულად შემოსავლის წყარო აღარ აქვთ. ეს არის ძალიან დიდი სეგმენტი ტუროპერატორების, ეს არის სატრანსპორტო კომპანიები, ვინც აქამდე ტურისტების სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე ტარებით იყო დაკავებული“, — აღნიშნა თურნავამ.

თურნავამ აგრეთვე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შანსი, წლის დასასრულისთვის უსაფრთხო დანიშნულების  ადგილი გახდეს:

„მათ სჭირდებათ განსხვავებული გეგმა და ჩვენ გვაქვს შანსი, რომ საქართველო უკვე წლის დასასრულს გახდეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი, რადგანაც ახალი ტურიზმი აღარ იქნება ისეთი ტრადიციული, როგორც აქამდე იყო. ახალი მოთხოვნები დაისმება ტურიზმის მიმართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევამზადოთ ჩვენი ტურისტული ბიზნესი და ინდუსტრია პოსტკორონა პერიოდის მოთხოვნების მიმართ. ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის ამ უსაფრთხო დერეფნებს სხვა ქვეყნებთან და კვლავ აღდგება ტურისტების მიმოსვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული შრომა. ეს გეგმაც ასევე მუშავდება და მთავრობაში შეთანხმების შემდეგ, ცნობილი გახდება ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისთვის“, — აცხადებს იგი.


კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობა და მიმოსვლა ქვეყნებს შორის პრაქტიკულად შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი