ნეტგაზეთი | ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს – Netgazeti

ოპოზიციის ნაწილი უკრაინის ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების ნაწილი უკრაინის მთავრობისდამი მიმართვას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა“.

მიმართვას ხელს აწერენ გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მაჭუტაძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და სხვები.

გარდა ამისა, მიმართვაში წერია, რომ „მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია“, ხოლო მისი „მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების საერთო მიზანია“.

საქართველოს ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნების ისტორია უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებით და მხარდაჭერით იწყება. მრავალი წელია, რაც საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის საერთო გამოწვევების წინააღმდეგ. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აფხაზეთში 1992-93 წლებში; დაუვიწყარია თანადგომა 2008 წელს – რუსული აგრესიის დროს და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.
ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ მათი ვიწრო პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით და არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც დადასტურებულია ინტერპოლის გადაწყვეტილებით, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებითა და დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერის განცხადებებით.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები მრავალი მიმართულებით, რაც აღიარებულია მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოების მიერ. მიგვაჩნია, რომ ანალოგიური რეფორმები ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს, რაც ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების საერთო მიზანია.

დასასრულს, გამოვთქვამთ რწმენას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინაში რეფორმების განხორციელების მიზნით მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარდგენა მხოლოდ დააახლოებს მეგობარ სახელმწიფოს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ხალხების საერთო მცდელობას თავისუფლებისა და შემდგომი განვითარების გზაზე.

პატივისცემით,

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძე

ახალი საქართველო- გიორგი ვაშაძე

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – ბაჩუკი ქარდავა

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – ნიკა მაჭუტაძე

გამარჯვებული საქართველო – გურამ ჩალაგაშვილი

კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია – შოთა მალაშხია

ემსახურე საქართველოს – მურმან დუმბაძე

ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია

საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველო ლიდერთა შორის – მამუკა გამყრელიძე

ახალი საქართველოსთვის – ნიკოლოზ ვაშაკიძე

საქართველოს პარლამენტართა ასოციაცია – მანანა ჯებაშვილი

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის – ზურაბ ხარატიშვილი

გუბაზ სანიკიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი მიადგილე, ისტორიკოსი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com