ახალი ამბები

არახამია ზელენსკი-სააკაშვილზე: “იპოვეს სხვა სამუშაო ფორმატი”

1 მაისი, 2020 • 1711
არახამია ზელენსკი-სააკაშვილზე: “იპოვეს სხვა სამუშაო ფორმატი”

უკრაინის უმაღლესი რადას უმრავლესობის ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავიდ არახამიას განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დასანიშნად პარლამენტში საკმარისი ხმები არის, მაგრამ სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მუშაობის სხვა ფორმატი და თანამდებობა იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „უნიანი“ ავრცელებს.

„ხმები საკმარისადაა. მაგრამ სააკაშვილი ბოლო რამდენიმე დღე ატარებდა ხანგრძლივ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. მათ იპოვეს სხვა ფორმატი, რომელშიც იმუშავებენ… სხვა თანამდებობა, ამის შესახებ შეგატყობინებთ“.

თუმცა, კონკრეტულად რა თანამდებობაზე ან ფორმატზეა საუბარი, არახამია არ აკონკრეტებს: „ხმები გვაქვს. თუ სააკაშვილი და პრეზიდენტი იფიქრებენ, რომ ის ვიცე-პრემიერად უნდა დავნიშნოთ, არის ახლა საკმარისი ხმები იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული. მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, სხვა გადაწყვეტილება იქნება. პრეზიდენტმა მასზე უკვე იმუშავა ბატონ მიხეილთან ერთად“.

„აღმოჩნდა, რომ არსებობს სხვა ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს იმ პროგრამის წარმატებას, რომლის შესრულებაც მას [სააკაშვილს] რეფორმების დარგში სურს“, — აცხადებს არახამია.


მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის შესახებ 22 აპრილს გახდა ცნობილი, როცა თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავების შეთავაზება მიიღო.

სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურნენ საქართველოშიც — გიორგი გახარიამ ამას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა.

მოგვიანებით, ზოგიერთმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რადადან სააკაშვილის კანდიდატურა გაიხმეს, მაგრამ რადას დეპუტატმა დაწერა, რომ რადაში სააკაშვილის კანდიდატურა არც შესულა და ვერც გაიხმობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი