ახალი ამბები

პუტინის შვილთან თანამშრომლობაზე სტატიის გამო როსნეფტი BBC-ის სასამართლოში უჩივის

30 აპრილი, 2020 • 1031
პუტინის შვილთან თანამშრომლობაზე სტატიის გამო როსნეფტი BBC-ის სასამართლოში უჩივის

BBC-ის ცნობით, რუსეთი გენეტიკური ტექნოლოგიების “დაჩქარებულ განვითარებას” აპირებს, რათა ქვეყანა 2027 წლისთვის მსოფლიოში ამ მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი იყოს.

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, პროექტში, რომელზეც რუსეთის ენერგოგიგანტი როსნეფტი 1 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს, მარია ვორანცოვაც იქნება ჩართული. გამოცემის ცნობითვე, ორი დამოუკიდებელი წყაროსაგან აქვს ინფორმაცია, რომ ვორანცოვა, სავარაუდოდ, ამ პროექტის კურატორი გახდება. წყაროები ამბობენ, რომ ის ამ საკითხით ძალიან დაინტერესებულია. ბავშვთა ენდოკრინოლოგ მარია ვორანცოვას რუსულ მედიაში პუტინის უფროს შვილად მიიჩნევენ.

BBC-ის რუსული ბიურო წერს, რომ მარტის დასაწყისში როსნეფტის ხელმძღვანელმა იგორ საჩინმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გალიკოვამ თანამშრომლობის აქტი გააფორმეს, რომლის მიზანსაც სწორედ გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების დაჩქარება წარმოადგენს. რუსეთის მიზანია, 2027 წლისთვის “შემცირდეს ქვეყნის როგორც მედიცინის, ასევე ინდუსტრიის დამოკიდებულება უცხოურ გენეტიკურ და ბიოლოგიურ ბაზებზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მსხვილი ცენტრის შექმნას, სადაც ამ მიმართულებით კვლევები ჩატარდება.

BBC-ის თანახმად, როსნეფტი ვალდებულებას იღებს შექმნას ავტონომიური, არამომგებიანი ცენტრი, რომელსაც თავად დააფინანსებს. ხელისუფლება, თავის მხრივ, ცენტრის ასაშენებლად ტერიტორიას გამოყოფს და ყველა სახის დახმარებას გაუწევს. ორგანიზაცია, სახელწოდებით “გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარება”, მოსკოვში 28 აპრილს უკვე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის ადგილად როსნეფტის ოფისია მითითებული. კომპანიაში BBC-ის მხოლოდ ის უთხრეს, რომ პროექტის დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. “საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს, ეს დიდი პროექტია.” როგორც გამოცემას წყარო ეუბნება, პროექტზე როსნეფტი წელიწადში 200 მლნ აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს: “ეს პრეზიდენტის ქალიშვილის პროექტია, ისინი ყველაფერს მისცემენ, რაც დასჭირდება”, – ამბობს წყარო.

როსნეფტის პრესსპიკერი მიხაილ ლეონტიევი ვორანცოვას მონაწილეობაზე პროექტში ასე პასუხობს: “არანაირი ვორანცოვები… ამაზე კომენტარის გაკეთება არ გვინდა… არ ვიცი, ვინ არის მარია ვორანცოვა.. ნახვამდის!”

მოგვიანებით ნავთობკომპანიამ განცხადება გაავრცელა და BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. მეტიც, როსნეფტი “ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის” BBC-თვის ჩივილს აპირებს და რეპუტაციული ზიანისთვის ანაზღაურებას მოითხოვს.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მისი შვილების შესახებ ინფორმაციას უკვე წლებია მედიისთვის ასაიდუმლოებს. ვლადიმერ პუტინს არასდროს დაუდასტურებია, თუმცა არც უარყვია, რომ მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა მისი შვილები არიან, თუმცა ამის შესახებ მედია აქტიურად წერს. მედუზას ცნობით, ბოლოს მას ამის თაობაზე კითხვა 2019 წლის დეკემბერში დაუსვეს, თუმცა ისინი ასე მოიხსენია: “ერთი ქალი” და “მეორე ქალი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი