ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „საქართველოში აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია“, ხოლო მისი კომპონენტი მიზნობრივი ტესტირებაა, რომელიც დიდი კლასტერების მქონე პუნქტებში ტარდება. ტიკარაძის თქმით, ეს „აბსოლოტურად სწორი“ ტაქტიკაა.

„აგრესიული ტესტირება, რეალურად, საქართველოში უკვე დაწყებული არის, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების კომპონენტი, რომელსაც ვახორციელებთ მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში და ყველგან, სადაც დაფიქსირდა დიდი კლასტერი. გამოვიკვლიეთ ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა სიმპტომი და იყო კონტაქტი ან საეჭვო კონტაქტი. ეს არის აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა და როდესაც უცხოელ კოლეგებთან გავდივართ კონსულტაციებს, მათი მიდგომაც გახლავთ საქართველოს მსგავსი“, — განაცხადა მან.

მინისტრმა აგრეთვე განაცხადა, რომ გარკვეულ ჯგუფებში, მათ შორის, სასულიერო პირებში, საჭიროების მიხედვით ჩაარდება მიზნობრივი ტესტირება:

„თავდაცვის ძალების ტესტირება უკვე დაწყებულია. სამღვდელოებაში ჩვენ ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება დგას. ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის დაფიქსირების შემთხვევაში იქნება დეტალურად გამოკვლეული ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ კვლევას და ამ კუთხითაც შეფერხებები არ იქნება“.

ტიკარაძის განცხადებით, ტესტირების ჩატარების ამჟამინდელი სტრატეგია უცვლელი რჩება:

„ჩვენი სტრატეგია გაგრძელდება ისე, როგორც არის, ვინაიდან ეს გახლავთ ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტური მექანიზმი, რომელიც ჩვენ მიერ ხორციელდება“.

ტიკარაძემ აგრეთვე ისაუბრა ტესტების მარაგებზეც. მისი თქმით, ტესტები საქართველოში შეფერხების გარეშე შემოდის:

„მინდა დავამშვიდო მოქალაქეები, რომ ეს რიცხვებიც არის მუდმივად ცვლადი, ვინაიდან უკვე დიდი ქსელია გაშლილი საქართველოში, სადაც ხდება კლინიკებში პაციენტების ტესტირება და მიზნობრივი ტესტირება. აქედან გამომდინარე, არსებული მარაგების რიცხვი არის ყოველ წუთსა და ყოველ საათს ცვლადი. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს და ეტაპობრივად ჩვენ შემოგვდის 10, 20 და 40 ათასი ტესტი. დღემდე დაანონსებული რიცხვები ყველანაირი შეფერხების გარეშე შემოდის ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის მიზნები, რაც გააჩნია სახელმწიფოს, აუცილებლად იქნება უსაფრთხოდ დაცული“.

აგრესიულ ტესტირებაზე ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, მიზნობრივი ტესტირება უფრო ეფექტიანია, ხოლო სამიზნე ჯგუფები, ვისაც ტესტირება ჩაუტარდება, ყოველდღიურად და ყოველკვირეულად გაიზრდება:

„არის ბევრი შენიშვნა, რატომ არ მიმართა საქართველომ ე.წ. აგრესიულ ტესტირებას უფრო ადრე, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. მინდა ვთქვა ყველასთვის, ვინც ამ საქმეში ჩართული ან დაინტერესებულია: ჯერ ერთი, საქართველოზე მეტი ტესტირება ყველას არ აქვს ჩატარებული. მაგალითად, იაპონიას საქართველოზე ნაკლები აქვს ტესტირების რაოდენობა მოსახლეობის ერთეულზე. მეორე, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აგრესიულ ტესტირება ჩაატარეს და ასახელებენ გერმანიას და ისრაელს, გადახედეთ, ამ ქვეყნებმა შეძლეს გამოეკვლიათ სულ 3 სამი პროცენტი მოსახლეობის. 3 პროცენტიც არაა გერმანიაში, 2,5. დანარჩენი 97 გამოუკვლეველია. მოახდენს ეს რამე სერიოზულ გავლენას ეპიდემიის კონტროლზე? არა, რა თქმა უნდა. მთავარია არა მასობრივი კვლევა, რომელსაც მოკლე დროში ვერ განვახორციელებთ და მოსახლეობის მესამედსაც ვერ მოვიცავთ, არამედ მთავარია ხდებოდეს გაფართოებული ტესტირება სამიზნე ჯგუფებში”, – აღნიშნა ცერცვაძემ დღეს, 28 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ცერცვაძემ დასძინა, საქართველოში მიზნობრივ ჯგუფებს აქტიურად უტარდებათ ტესტი კორონავირუსზე.

“ეს სქემა – 112-ში დარეკვა, ოჯახის ექიმთან გადამისამართება და შემდეგ ცხელების ცენტრში გადამისამართება, უნიკალურია და ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოდგა ეპიდემიის, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ინფიცირების დაბალი რიცხვი.

ამის გარდა, ყველა კლინიკურ დაწესებულებაში ყველას უტარდება ტესტირება, ვისაც აქვს ფილტვების ანთება, პნევმონია ან ცხელება. ამას დაემატება სამედიცინო პერსონალის გამოკვლევა სხვა ჯგუფების, იგივე ძალოვნებისა და ასაკოვანი ხალხის გამოკვლევა და ფაქტიურად დაფარული იქნება ყველა სამიზნე ჯგუფი. ყოველდღიურად და ყოველკვირუელად სამიზნე ჯგუფები გაფართოვდება. ვიმეორებ — ბევრად უფრო ეფექტიანია სამიზნე ჯგუფების გამოკვლევა, ვიდრე მთელი მოსახლეობის. მთელ მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ და არასამიზნე ჯგუფებში ინფექციის გამოვლენის ალბათობა არის ძალიან დაბალი“, — განაცხადა ცერცვაძემ.