ახალი ამბები

ხელისუფლება უკრაინასთან ვიწროპარტიულ ინტერესებს ატარებს – თავ. დემოკრატები და ევრ. საქართველო

28 აპრილი, 2020 • 1260
ხელისუფლება უკრაინასთან ვიწროპარტიულ ინტერესებს ატარებს – თავ. დემოკრატები და ევრ. საქართველო

“ევროპული საქართველოსა” და “თავისუფალი დემოკრატების” შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა. ისინი ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში მოუწოდებენ, ნუ აქცევენ უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკითხებს დაპირისპირების საგნად ჩვენს ქვეყანაში, რადგან ეს საფრთხეს უქმნის უკრაინა-საქართველოს ისტორიულ, სტრატეგიულ მეგობრობასა და პარტნიორობას.

პარტიების შეფასებით, ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ივანიშვილის მთავრობამ უკრაინასთან ურთიერთობაში არაერთი დრამატული შეცდომა დაუშვა და ჯერ კიდევ ევრომაიდნის მიმდინარეობისას “ქართული ოცნების” ზოგიერთმა მაღალი თანამდებობის პირმა ღიად დაიკავა ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი პოზიცია. ამის მაგალითად დასახელებულია ის ფაქტი, რომ მაშინდელი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე  “საჯაროდ არკვევდა იმას, თუ კიევის რამდენ ქუჩაზე მიდიოდა პროტესტი და რამდენად მცირე იყო ის”.

“ევრომაიდნის გამარჯვების  შემდეგ, “ქართული ოცნების” პრემიერი და ახლა უკვე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღიად აწარმოებდა კამპანიას, რომ როგორმე საქართველოს საკითხი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უკრაინის საკითხთან ერთად არ განეხილათ. ღარიბაშვილის საჯარო პოზიცია საერთაშორისო მედიაში უკრაინისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარებაზე უარყოფითი იყო. ეს კი უარყოფით პასუხს ნიშნავდა, თავისუფალი სამყაროსგან საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე”, – ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” და “ევროპული საქართველოს” ერთობლივ განცხადებაში.

პარტიების განცხადებით, შემდგომში სწორედ ერთ კონტექსტში მიეცა ტანკსაწინააღმდეგო იარაღის შეძენის შესაძლებლობა როგორც უკრაინას, ისე საქართველოს, ღარიბაშვილის რიტორიკა კი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი იყო.

“გარდა იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მორალური ვალია, ეს საქართველოს პრაგმატულ ინტერესშიცაა, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაციის, უსაფრთხოების, პუტინის აგრესიის შეკავების, დეოკუპაციის, ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ დასავლეთში ჩვენი გამოწვევების მიმართ ყურადღების ფოკუსირების კუთხით. ხელისუფლებას არ გაუკეთებია არაფერი მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მოსაწყობად. ამის მიზეზი კი საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებაა. სწორედ ამის მაგალითია ივანიშვილის ხელისუფლების ახლანდელი გადაწყვეტილება, ისაუბროს დიპლომატიურ დემარშებზე უკრაინასთან და ამის მიზეზად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებათა უპატივცემულობას ასახელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ბოლო წლების მანძილზე უკვე ათობით შემთხვევა იყო, როცა ევროპული, მათ შორის ღრმა დემოკრატიის ტრადიციის მქონე ქვეყნებმა და მათმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს საჭიროდ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებების გათვალისწინება მისი მიკერძოებულობის, არაკომპეტენტურობისა და აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების გამო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. უკაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით რადაში ზელენსკის პარტიის ფრაქციის შიგნით კონსენსუსი არ არის. სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა ნეგატიურად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს წერილები მისწერეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობას შეარყევს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კი ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა არ გამორიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი