ახალი ამბები

ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსეთს პრაღის მერის მოწამვლა უნდა, ახლა მას პოლიცია იცავს

28 აპრილი, 2020 • 1663
ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსეთს პრაღის მერის მოწამვლა უნდა, ახლა მას პოლიცია იცავს

პრაღის მერს, ზდენეკ ჰრიბს უკვე რამდენიმე კვირაა პოლიცია იცავს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა, რომ ის და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსი შესაძლოა რუსეთის მხრიდან მოწამვლის გეგმის სამიზნეები გამხდარიყვნენ.

ჰრიბმა Ekho Moskvy-სთან ინტერვიუში დაადასტურდა ზემოხსენებული და თქვა, რომ მას პოლიცია რამდენიმე კვირაა, რაც იცავს. ის ბევრ დეტალზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს:

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ეს [მოწამვლის გეგმა] დადგინდა კათოლიკური აღდგომის დროს, ანუ, დაახლოებით ორი კვირის წინ“, – უყვება მერი Ekho Moskvy-ს.

მისივე განმარტებით, მის სახლს სამართალდამცველები იცავენ – „იმიტომ, რომ ეს არის რისკი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც“.

The Guardian-ის თანახმად, საუბარია ჩეხურ ყოველკვირეულ ჟურნალზე – Respekt-ზე, რომლის თანახმადაც, რამდენიმე კვირის წინ პრაღაში „რუსული დიპლომატიური საბუთების“ მქონე პირი ჩავიდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჰრიბისა და კიდევ ერთი ჩეხი პოლიტიკოსის  – ონდრეი კოლარის მოკვლა.

თავის მხრივ, ონდრეი კოლარი პრაღის მეექვსე რაიონის მერია.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ამ პირს თან უნდა ჰქონოდა ჩემოდანი, რომელშიც ექნებოდა მომაკვდინებელი ნივთიერება – რიცინი. სამედიცინო ლექსიკონის მიხედვით, რიცინის მცირე რაოდენობამაც კი (1 მკგ/კგ-ზე) შეიძლება გამო იწვიოს ლეტალური შედეგი.

RFE/RL მოწამვლის გეგმას უკავშირებს ჰრიბის ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლითაც პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის – ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.

რაც შეეხება კოლარს, კრემლმა იმიტომ გააკრიტიკა, რომ პრაღის მეექვსე რაიონში საბჭოთა კავშირის დროს დადგმული ძეგლი აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი