ახალი ამბები

ვინ გასცა საშვი ფარცხალაძეზე? – “ლელო” მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს

27 აპრილი, 2020 • 2499
ვინ გასცა საშვი ფარცხალაძეზე? – “ლელო” მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს

პოლიტიკური გაერთიანების”ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი განცხადება შეიტანა. კოჟორიძე მთავრობისგან საჯარო ინფორმაციას ითხოვს იმის შესახებ, თუ რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა საშვი ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე და თუ არ გაუცია, რა სახის სამართლებრივი რეაგირება მოხდა.

კახა კოჟორიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ფარცხალაძე საშვის გარეშე გადაადგილდებოდა ავტომობილით და ეს ფაქტი სამართალდამცველების მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დანაშაულს.

“ჩვენი მთავარი კითხვაა, როგორ მუშაობს სისტემა? [ფარცხალაძეს] აძლევს დარღვევის ასე გატარების საშუალებას, თუ სამართლებრივი რეაგირებას ახდენს? და სამართლებრივი რეაგირებას თუ არ ახდენს, თუ სამართალდამცველებმა იციან, რომ ვიღაც არღვევს კანონს და მაინც არანაირი რეაგირება არა აქვთ, მათი მხრიდან შეიძლება ეს იყოს დანაშაული – როგორც მინიმუმ, სამსახურებრივი გულგრილობა. ამ შემთხვევაში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირები, რომლებსაც ევალებოდათ ასეთი ტიპის ფაქტებზე რეაგირების მოხდენა და გაუნძრევლად არიან და ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ ამ ამბავს, სავარაუდოდ, თავადს ჩადიან დანაშაულს”, – განაცხადა კოჟორიძემ.

25 აპრილს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალული იყო, გარდა სპეციალური საშვის მქონე პირებისა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ავტომობილით ფარცხალაძის გადაადგილების ამსახველი ვიდეო. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ვიდეო 25 აპრილს, 14:50 საათზეა გადაღებული. საქართველოს მთავრობაში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს, იყო თუ არა საშვი დაშვებული ოთარ ფარცხალაძეზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვნაა საჭირო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი