ახალი ამბები

შეჭამს ზეთიან მაკარონს 8 თვის ბავშვი? – თავსატეხი უმუშევრად დარჩენილი მშობლებისთვის

4 მაისი, 2020 • 1777
შეჭამს ზეთიან მაკარონს 8 თვის ბავშვი? – თავსატეხი უმუშევრად დარჩენილი მშობლებისთვის

ზეთი, შაქარი, მაკარონი – ეს არის ის ძირითადი საკვები, რომლითაც სახელმწიფო უწყებები კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ეხმარებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

სახელმწიფო პროგრამები ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს ბავშვთა საკვები საშუალებებით ადამიანების დახმარებას. შესაბამისად, უპასუხოდაა დარჩენილი იმ მშობელთა კითხვები, რომლებიც ამაოდ ცდილობენ მიიღონ პასუხი კითხვაზე, სამსახურისა და შემოსავლის დაკარგვის პირობებში როგორ გამოკვებონ ჩვილები, რომლებსაც ზეთიანი მაკარონის ჭამა არ შეუძლიათ?

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, ათასობით ადამიანი უსამსახუროდ დარჩა, სახელმწიფომ კი ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ისიც გარკვეული პირობებით, მხოლოდ 24 აპრილს დააანონსა.

სასოწარკვეთილი მშობლები კი თავიანთი ჩვილი ბავშვებისთვის დახმარებას ფეისბუკზე, სხვადასხვა თემატურ ჯგუფში ითხოვენ და ამ ეტაპზე კერძო ქველმოქმედების იმედად არიან დარჩენილი.

„უსამსახუროდ დავრჩით, ვერც აღვწერ, როგორ ვწვალობთ“

„ორი ბავშვი გვყავს სახლში ხელოვნურ კვებაზე. ვწერ მერიას, რომ არც ფული აღარ მაქვს, არც ბავშვების საჭმელი. ვუხსნი სიტუაციას და მწერენ, რომ პროდუქტებს გამოგიგზავნით, რომელშიც ზეთი, მაკარონი, შაქარი და ა.შ. შედის. აქედან რა ვაჭამო 1 თვის და 8 თვის ბავშვებს?“ – დაწერა ახალგაზრდა კაცმა ფეისბუკზე, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ეხმარებიან.

მსგავსი შინაარსის წერილები, სადაც მშობლები მშიერ შვილებსა და უსახსრობაზე წერენ, სოციალურ ქსელში კიდევ ბევრია. ისინი დახმარებას თანამოქალაქეებს სთხოვენ, რადგან სახელმწიფო დახმარება მათ საჭიროებებზე ამ ეტაპზე არ არის მორგებული. ისინი წერენ, რომ აქამდე დახმარება არასდროს უთხოვიათ და უკიდურესად ერიდებათ ამის გაკეთება ახლა, თუმცა ბავშვების გამოკვება ახლა მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დახმარება ითხოვა ნათიამაც. ის მცირე ინტერვიუს მხოლოდ იმ პირობით დაგვთახნმდა, თუ მის რეალურ სახელს არ დავწერდით.

“საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადების შემდეგ მეუღლემ სამსახური დაკარგა. ვერ აღვწერ, მას შემდეგ როგორც ვწვალობთ. სოციალური დახმარება 200 ლარი მაქვს თვეში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის ჩვენი შემოსავალი. რას ან როგორ უნდა ეყოს ეგ ოჯახს, ხომ წარმოგიდგენიათ?” – გვითხრა ნათიამ.

კითხვაზე, დაახლოებით რამდენი ლარი უჯდება ბავშვის კვება, ნათია პასუხობს, რომ 1 კვირის სამყოფი საკვები დაახლოებით 50 ლარი ღირს. ის ყვება, რომ 7 თვის ბავშვს დამატებით აძლევს ფაფებსა და ბოსტნეულს, რასაც ასევე დამატებითი ფული სჭირდება.

“200 ლარი მხოლოდ ბავშვს არ ყოფნის. დახმარებისთვის მივმართე მუნიციპალიტეტს, თუმცა, რაკიღა რაიონში ვარ ჩაწერილი, დახმარება ვერ მივიღე. საკრებულომ და მერიამ მომწერა, თბილისში უნდა იყო რეგისტირებული, განაცხადი ისე არ განიხილებაო“, – ამბობს ნათია.

პრობლემა ნაცნობია აკა სინჯიკაშვილისთვისაც, რომელიც მოხალისეებთან ერთად მოქალაქეებს პროდუქტებითა თუ სხვა აუცილებელი ნივთებით ეხმარება. ის ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, დახმარების თხოვნის ზარები კიდევ უფრო გახშირდა.

“დღეში შემოსული 10 ზარიდან 4 იმას ეხება, რომ სამსახური დაკარგეს და საჭმელი არ აქვთ, 2 კი ამბობს, რომ შემოსავლის დაკარგვასთან ერთად ბავშვისთვის ხელოვნურ საკვებსა და ჰიგიენურ საშუალებებს ვეღარ ყიდულობენ. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველასთან მივიტანოთ“, – უთხრა ნეტგაზეთს სინჯიკაშვილმა.

როგორ ეხმარება ხელისუფლება ბავშვიან ოჯახებს

ნეტგაზეთი ამ თემასთან დაკავშირებით ასევე ესაუბრა სოციალურ მუშაკებს. ერთ-ერთმა მათგანმა გვითხრა, რომ სოციალური მუშაკები ჯერჯერობით არ მუშაობენ იმ ოჯახებთან, რომლებმაც ახლა დაკარგეს სამსახური და რომლებსაც მსგავსი ტიპის პრობლემა აქვთ. მისი თქმით, ამგვარი პროგრამა ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება ბენეფიციარებს, ვისთანაც სოციალურ მუშაკს მუშაობა უწევს – ის განმარტავს, რომ სოციალურად დაუცველთათვის არსებობს ჩვილ ბავშვთა კვების პროგრამა, რაც თვეში 80-ლარიან დახმარებას გულისხმობს და რომლითაც მშობლებს აფთიაქებში ხელოვნური საკვების ყიდვა შეუძლიათ. თუმცა, მისივე ცნობით, ბენეფიციარები ხშირად ამბობენ, რომ 80 ლარი საკმარისი არ არის.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით თბილისის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პროგრამა, რომელიც უშუალოდ ჩვილ ბავშვთა კვებასა და მშობლების ამ კუთხით დახმარებაზე იზრუნებდა. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში ასევე შედის ბაგა-ბაღების მარაგიდან საკვების დარიგება და საკვები სოციალურად დაუცველთათვის უფასო სასადილოებში.

თბილისის მუნიციპალიტეტი ასევე არიგებს საკვებ პროდუქტებს, მათ შორის, მაკარონს, შაქარს, ზეთს და ა.შ. ამისთვის მოქალაქე მუნიციპალიტეტს უნდა დაუკავშირდეს და საჭმელს მას სახლში მიუტანენ.

ჩვენს კითხვაზე, განიხილავს თუ არა უწყება რაიმე ცვლილებას ამ კუთხით, მერიაში ამბობენ, რომ ჯერ ამაზე საუბარი არ მიდის.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, აქ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ, რომელზეც გახარიამ 24 აპრილს ისაუბრა, ჯერჯერობით სამინისტროში სხვადასხვა პროგრამების დაგეგმვა მიმდინარეობს, ზუსტი პასუხი კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სხვა პროგრამებთან ერთად, 16 წლამდე ბავშვებისთვის კვების პროდუქტებზე სავაუჩერო სისტემით დახმარებას გასცემს. სამინისტროს თქმით, 2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე  ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას  სხვადასხვა მეთოდით იღებენ.

„50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ, ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება. ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული“, – ამბობდა სამინისტრო ამ გადაწყვეტილების წარდგენისას.

დახმარების არც ეს სქემა ითვალისწინებს იმ ადამიანთა მინიმალური საკვებით უზრუნველყოფას, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის გამო უსამსახუროდ დარჩნენ და თან, პატარა ბავშვებს ზრდიან.


სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, დასაქმებულები, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების შედეგად სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში მთავრობისგან 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

თვითდასაქმებულების და არაფორმალურად მშრომელების რეგისტრაცია მთავრობისგან ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით კი 21 მაისიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ამ მიზნით მზადდება სპეციალური საიტი, სადაც მოქალაქეებს თავიანთი მონაცემების ატვირთვა შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი