ახალი ამბები

უცხოეთში Covid-19-ით დაიღუპნენ საქართველოს 80 და 53 წლის მოქალაქეები

27 აპრილი, 2020 • 1326
უცხოეთში Covid-19-ით დაიღუპნენ საქართველოს 80 და 53 წლის მოქალაქეები

„ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ნიუ-იორკსა და ლატვიაში საქართველოს 2 მოქალაქე Covid-19-ის დიაგნოზით დაიღუპა.

„ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი Covid-19-ის დიაგნოზით ნიუ-იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

აშშ-ში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული: ინფიცირების 977 ათასი შემთხვევა, გამოჯანმრთლეების 109 ათასი ფაქტი და 54 974 ადამიანია დაღუპული.

ამასთან, სამინისტროს თანახმად, ლატვიაში Covid-19 დიაგნოზით საქართველოს 53 წლის მოქალაქე გარდაიცვალა.

„გარდაცვლილი მკურნალობის კურსს გადიოდა ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ლატვიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტატქზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა“, – მოგვწერეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წერს, რომ ეს მოქალაქე ლატვიაში წლების განმავლობაში ერთ-ერთ კომპანიაში სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობდა და ბოლოს მან საქართველო 2020 წლის იანვარში დატოვა.

ლატვიაში 812 შემთხვევაა დადასტურებული, 12 გარდაცვალება და გამოჯანრმთელების 267 ფაქტი.


საქართველოს სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 149
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4833
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი