ახალი ამბები

ნიდერლანდების ჩემპიონატი დროზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა

24 აპრილი, 2020 • 1134
ნიდერლანდების ჩემპიონატი დროზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა

ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა — ერედივიზია დროზე ადრე დასრულებულად გამოცხადდა. საფეხბურთო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ტიტული არ მიენიჭება არცერთ გუნდს, ისევე როგორც უმაღლესი ლიგიდან არ დაქვეითდება და ძალით მეორიდან პირველშიც არავინ გადავა, იუწყება BBC.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნიდერლანდების მთავრობამ გამოაცხადა, რომ 1 სექტემბრამდე ყველა სპორტული ღონისძიება იქნებოდა აკრძალული.

პირველ პოზიციაზე ჩემპიონატის შეჩერებამდე ამსტერდამის „აიაქსი“ იყო, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „აზ-ს“ ქულების იგივე რაოდენობა ჰქონდა და „აიაქსს“ მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩებოდა.

„აიაქსი“ და „აზ“ მიიღებენ უეფას ჩემპიონთა ლიგის შემდეგი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზის უფლებას, თუ მათ ამის ნებას თავად უეფა დართავს.

ნიდერლანდები ევროპის პირველი ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატი დროზე ადრე გამოცხადებულად დასრულდა. ყველა სხვა ქვეყანაში ჩემპიონატები ამჟამად შეჩერებულია, გარდა ბელარუსისა, სადაც მატჩები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამავე დროს, მაისში მაყურებლების გარეშე თამაშები განახლდება გერმანიის ბუნდესლიგაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, შიდა ჩემპიონატების გარდა, შეჩერდა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატებიც, ნაკრებთა ევრო-2020 კი 2021 წლისთვის გადაიდო. ასევე 2021 წლისთვის გადაიწია ოლიმპიურმა თამაშებმა.


გარეკანის ფოტოზე: ერედევიზიის ერთ-ერთი შეხვედრა. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი