საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით კრიზისულ პერიოდში ეკონომიკური გეგმის წარდგენისის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა „ფინანსური დახმარებისთვის და მენეჯმენტის ნაწილში ჩართულობისთვის“.

მან აგრეთვე აღნიშნა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს დაეხმარა.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ასევე თითეულ იმ საჯარო მოხელეს, კერძო სექტორის წარმომადგენელს და თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც დახმარება გაუწია კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდს, რომელშიც უკვე საკმაოდ სოლიდური თანხა მოგროვდა.

რა თქმა უნდა, აქ მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართუ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ წვლილისთვის, რომელიც ამ ბრძოლაში მან შეიტანა ფინანსურადაც და, რა თქმა უნდა, მისი პირადი ჩართულობით მენეჯმენტის ნაწილში“.

ოფიციალური ინფორმაციით, ფონდმა “ქართუმ” კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. ოპოზიცია ივანიშვილს აკრიტიკებს იმის გამო, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ის ერთხელაც არ გამოჩენილა საჯაროდ და არსებულ გამოწვევებზე არ უსაუბრია.