ახალი ამბები

4-5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ – მინისტრი ფერმერებს

23 აპრილი, 2020 • 818
4-5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ – მინისტრი ფერმერებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფოს ესმის ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვის თანმდევი პრობლემები, რომლებსაც გლეხები, მეწარმეები და ფერმერები აწყდებიან, თუმცა “სოლიდარობა წარმატების აუცილებელი წინაპირობაა”. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დისკომფორტს კიდევ რამდენიმე დღე უნდა გაუძლონ.

“[მოსავლის] რეალიზაციის საკითხები დაკავშირებულია მობილობასთან, რომელიც 27 აპრილიდან ნელ-ნელა გაიხსნება, მეტი საშუალება იქნება გადაადგილების და რეალიზაციის პრობლემები კიდევ უფრო მეტად მოგვარდება. თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ 4-5 დღე რაღაცნაირად უნდა გავუძლოთ. სოლიდარულობა არის წინაპირობა, რომ ჩვენ მივაღწევთ შედეგებს”, – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ნათელია, რომ ამის გამო ბევრს შეექმნა პრობლემები, თუმცა მობილობის შეზღუდვა აუცილებელი იყო “კატასტროფის” ასაცილებლად, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა.

“სოლიდარობა არის ის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ გვქონდეს წარმატება და ამ შემთხვევაში ფერმერებიც, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული კატეგორიაა, რა თქმა უნდა, იქნებიან სოლიდარულები, დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად, და გაითვალისწინებენ, რომ ეს არ არის ყველაზე კომფორტული პერიოდი მათ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში, მაგრამ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ თანამშრომლობასა და მეტ კომუნიკაციაში”, – თქვა დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, დილისა და საღამოს საათებში ფერმერთათვის ამოქმედებული გამონაკლისები სამუშაოების “შეფერხების გარეშე”ჩატარების საშუალებას იძლევა, შეზღუდვების თანმდევი პრობლემები კი მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა გადაწყდეს:

“კონკრეტული კორიდორი, რომელიც ფერმერებისთვის დაწესდა, რა თქმა უნდა, იძლევა საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ შეფერხების გარეშე. გარკვეული სირთულეები ემატება მათ საქმიანობას, მაგრამ მუნიციპალიტეტების დონეზე მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ ყოველდღიურად კომუნიკაცია და მუნიციპალუტეტები მისცემენ საშვებს, დამატებით უფლებას მცირე მაღაზიების ოპერირების შემთხვევაში, ასევე, დამატებით ინფორმაციას,რომელიც მათ შეიძლება გადაადგილებასთან დაკავშირებით ჰქონდეთ”.

მთავრობის 22 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას დაუშვებენ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა კი ძალაში შევიდა 17 აპრილიდან. ეს აკრძალვა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 აპრილს უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, გუშინ, 21 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვა 27 აპრილამდე გასტანს, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გაგრძელდება.

ცაიშელი მეწარმე კიტრის მოსავლის უსასყიდლოდ დარიგებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი