ახალი ამბები

მთავრობამ მარნეულ-ბოლნისში ადეკვატური სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს – EMC

22 აპრილი, 2020 • 960
მთავრობამ მარნეულ-ბოლნისში ადეკვატური სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას მოუწოდებს, მარნეულსა და ბოლნისში მძიმე სოციალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა შეიმუშაოს.

ამის შესახებ საუბარია მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარების შესახებ მონიტორინგის შედეგების დოკუმენტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. EMC-ის ცნობით, 3 კვირის განამვლობაში დახმარების თხოვნით 100-მდე ოჯახი დაუკავშირდა.

“მომართვების ყველაზე დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიღებისა და მძიმე სოციალური საჭიროებების გადაჭრის თხოვნას უკავშირდებოდა, რაც მუნიციპალიტეტებში შექმნილ სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს”, – აცხადებს EMC.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებოდათ. შედეგად, 2 კვირის განმავლობაში მიღებული მოთხოვნების მონიტორინგის შემდეგ გამოჩნდა, რომ ჰუმანიტარული დახმარების 80 მოთხოვნიდან მუნიციპალიტეტის მიერ მხოლოდ 14 დაკმაყოფილდა.

“იმ პირობებში, როცა ჰუმანიტარული დახმარების მთხოვნელთა სიაში იყვნენ ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით, ასევე მარტოხელა მოხუცები, და დღეს ისინი კვლავ ამ დახმარების მიღმა არიან დარჩენილები, გაუგებარია, რა სტრატეგიით და მიდგომებით გასცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს დახმარება”, – აცხადებენ EMC-ში.

ამასთან, ამბობენ, რომ ბევრ სოფელში ან საერთოდ არ არის სასურსათო მაღაზია, ან იქ არსებული პროდუქტი იმდენად მწირია, რომ ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის საჭიროებას. ასევე, სოფლების ძირითად ნაწილში არ არის აფთიაქი.

“მონიტორინგისას არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარებები რიგდება უსამართლოდ და ჩანს ნეპოტიზმის ნიშნები. განსაკუთრებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ მერია არასათანადოდ რეაგირებს მათ მოთხოვნებზე და რესურსებსაც უსამართლოდ ანაწილებს.

არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომ როდესაც ისინი პირდაპირ უკავშირდებიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ პირს საკუთარი პრობლემებით, თუმცა მისგან უხეშ და არასათანადო პასუხს იღებდნენ”, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის შეფასებით, მოსახლეობის მძიმე სოცილაურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს პოლიციის მხრიდან აგრესიული დაჯარიმების ფაქტები. დაჯარიმების მიზეზი ხშირად ისაა, რომ მოსახლეობა სათანადოდ ინფორმირებული არ არის.

“ამ რთულ ვითარებაში პოლიცია ნაკლებად ცდილობდა ინფორმირების და პრევენციის როლის შესრულებას და აგრესიული დაჯარიმების პრაქტიკაზე უფრო არის გადასული. მაგალითად, არასათანადოდ მიწოდებული ინფორმაციის გამო, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდგომ, ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ფიქრობდა, რომ გამოცხადებული რეჟიმი ეხებოდა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ქალაქებს და სოფლებში საკარანტინო წესები არ მოქმედებდა. ამის გამო არაერთი მოქალაქე დაჯარიმდა”, – წერია EMC-ის მონიტორიგნის დოკუმენტში.

აქედან გამომდინარე, EMC მთავრობსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  1. შექმნილი რთული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მთავრობამ შეიმუშაოს შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების/ადამიანების შემწეობისა და ადეკვატური სოციალური მხარდაჭერის პროგრამები;
  2. მკაცრი კარანტინის რეჟიმში იზოლირებული რეგიონებისთვის, მათ შორის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის, მთავრობამ გამოყოს სათანადო ჰუმანიტრარული რესურსი ადგილობრივი თემის მწვავე სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;
  3. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მეურნეობის ტვირთის გამოტანის, ჩაბარების და რეალიზების პროცესი მთავრობის მკაცრ მონიტორინგს დაექვემდებაროს და ადგილობრივი თემის კონსულტაციების გზით ეს პროცესი უფრო სამართლიანი და ადეკვატური გახდეს;
  4. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობების სოციალური მხარდაჭერის და ჰუმანიტარული რესურსების განაწილების პროგრამები დაეფუძნოს ოჯახების სოციალური მოწყვლადობის შეფასების უფრო ფართო და სამართლიან სოციალურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს და მათი მუშაობა გახდეს უფრო ოპერატიული, პროფესიონალური და მიუკერძოებელი;
  5. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა მოახდინონ წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის არმქონე სოფლების მომარაგება.
  6. მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა უზრუნველყონ მათი ვებ-გვერდებისა და სოციალური ქსელების უმცირესობების ენებზე მართვა და პანდემიასთან, საგანგებო მდგომარეობასთან, მთავრობის პოლიტიკასთან და სოციალური პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
  7. დაწესებული შეზღუდვების და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მარნეულისა და ბოლნისის თვითმმართველობებმა გაიაზრონ მოსახლეობასთან რეგულარული კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების დემოკრატიული გზებით მოსმენისა და გათვალისწინების მნიშვნელობა;
  8. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიაზროს პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის მნიშვნელობა და საგანგებო მდგომარეობისა და გაზრდილი პასუხისმგებლობების მიუხედავად თემზე ორიენტირებული პოლიციის მიდგომებით იმუშაოს;
  9. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინოს კარანტინის რეჟიმში მყოფი სოფლების მწვავე სოციალური საჭიროებები და დაჯარიმების პრაქტიკა თანაზომიერად და სოცილაურად მგრძნობიარედ გამოიყენოს;
  10. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს თემთან კომუნიკაციის მნიშვნელობა და ველზე მომუშავე საპოლიციო ჯგუფებში აქტიურად ჩართოს თავად უმცირესობების წარმომადგენელი პოლიციელები, რაც, მათ შორის, თემთან კომუნიკაციასთან და ნდობასთან დაკავშირებულ სირთულეებს დააზღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი