ახალი ამბები

ჩვენ ფარისევლური შერჩევითობის მაგალითი ვნახეთ ეკლესიის შემთხვევაში – ხოშტარია

22 აპრილი, 2020 • 1183
ჩვენ ფარისევლური შერჩევითობის მაგალითი ვნახეთ ეკლესიის შემთხვევაში – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები კორონავირუსის კრიზისი პირველ ეტაპზე ეფექტიანი და დროული იყო, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფარისევლური, შერჩევითი დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიის მიმართ.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგანგებო მდგომაროების 22 მაისამდე გადავადების საკითხს განიხილავენ. თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, მებაჟეებს, ბანკის და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებს.

“ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ხელისუფლების და მთავრობის დროული და ეფექტიანი ზომები, განსაკუთრებით კრიზისის განვითარების და პრევენციის პირველ ეტაპზე. როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში არ თქვა კარგი იმაზე, რაც კარგია?! მაგრამ ამასთანავე მინდა გვესმოდეს, რომ კრიზისი გრძელდება. ამიტომ ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, არ ჩავვარდეთ თვითკმაყოფილებაში. მეორე მხრივ, არ ვიყოთ ჩასაფრებული ერთმანეთის მიმართ და დავსვათ კითხვები, რომელიც ყველას დაგვეხმარება, მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, კრიზისი არც არავის ბრალია და ნებისმიერი მთავრობისთვის ობიექტურად რთული სამართავი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ყველა გადაწყვეტილება კარგად ასაწონია.

“ამ აწონვას სჭირდება სწორი კითხვების დასმა. კითხვები მე მაქვს განვლილ ერთ თვეზე და მომავალზე. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც ახლა გვისმენენ, იმას კი არ უსმინონ, ვინ როგორ ვუკბენთ ერთმანეთს, არამედ მართლა გაიგონ, რა ელოდებათ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, უპასუხო კითხვები არსებობს მანქანების გადაადგილების შეზღუდვის, კომენდანტის საათის, ონლაინ ვაჭრობის აკრძალვისა და “სუფთა სახლის” დახურვის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

“მეორე კითხვა არის შერჩევითობა და ჩვენ ყველაზე ფარისევლური, მტკივნეული მაგალითი შერჩევითობის ვნახეთ ეკლესიის შემთხვევაში. იმის გამო, რომ დღეს პოპულარული არ არის გააკრიტიკო ეკლესია, არ შეიძლება არ ვთქვათ, რომ ცუდად მოიქცნენ სასულიერო პირები, რომლებიც იძახდნენ, რომ კოვზი ცხელდება 1 000 გრადუსზე. სახელმწიფომ, სამწუხაროდ, ვერ გააკეთა ის, რისთვისაც ჩვენ მას ვირჩევთ”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას თქმით, “ევროპული საქართველო” ვერ მისცემს ხმას საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივებას იმის გამო, მთავრობის სამოქმედო გეგმის შინაარსი უცნობია.

“არ შეიძლება, გეგმა იყოს სამ დღეში და ხმის მიცემა იყოს დღეს. მარნეული არის ძალიან სიმპტომატური მოვლენა. ამ წუთებში მარნეულში იმართება აქცია იმიტომ, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში მათ ვერ მიიღეს პასუხი, შეძლებენ თუ არა პროდუქტის გაყიდვას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს შეკრება, მაგრამ უბრალოდ კი არ გამოვარდა უპასუხისმგებლო ხალხი, გამოვიდნენ იმიტომ, რომ ვერ მიიღეს პასუხები”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არა ოპოზიციის პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება, არამედ საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა იქნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი