მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ იმირში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ. “რადიო მარნეულის” ინფორმაციით, აქციას მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, არაფლოდან და არმამედლოდან, ჩამოსული ხალხიც შეურთდება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, მარნეულში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ამ შემთხვევაში კი- კიტრს, მოსახლოება ვერ ყიდის. მათ პროტესტის ნიშნად კიტრი გზაზე დაყარეს.
“მოყვანილ კიტრს ვერ ვყიდით და გარაჟში გვიწყვია. რა გავაკეთოთ?!”- ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე აცხადებს, რომ სახლში 5 ტონა კიტრი აქვს, რომელსაც ვერ ყიდის:
“ოთხი დღეა კიტრი სახლში მაქვს. მისი გაყიდვა მინდა. მერიაში გვეუბნებიან, რომ მანქანა მოვა, თუმცა ჯერ არაფერი არ მოსულა.”
“რადიო მარნეულის” ინფორმაციით, სოფელ იმირის ცენტში აქციის მონაწილეები მარნეულის მერს ელოდებიან.
23 მარტს, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიზღუდა ამ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველაფერი, გარდა საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა.
გარდა ამისა, ავტომობილით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო მოსახლეობა სხვა რეგიონებშიც ვერ ახერხებს გადაადგილებას, გადასაადგილებლად აუცილებელ საშვს კი მხოლოდ იურიდიული პირების კუთვნილ ავტომობილებს აძლევენ.
